„შენ ყოველთვის გაქვს არჩევანი“ - პატარა ჯიხაიშის საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოსდაცვით კამპანიას ეკოაქტივობებით შეუერთდნენ
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ჯიხაიშის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა. ამჯერად, „ინგლისურისა და მდგრადი განვითარების კლუბის“ წევრმა მოსწავლეებმა მოიძიეს და დაასურათეს ბიოეკონომიკასთან დაკავშირებული ისეთი პროდუქტები, როგორებიცაა: ეკოჩანთები, კომპოსტირებადი და ბიოდეგრადირებადი პარკები, შალის ტანსაცმელი, ხისგან დამზადებული ნივთები, ორგანული საკვები და სხვა.
ისინი აქტივობაში პედაგოგი და კლუბის ხელმძღვანელის - თამარ იობიძის თაოსნობით ჩაერთნენ. აღსანიშნავია, რომ ბიოეკონომიკა ნიშნავს ხმელეთის და ზღვის განახლებადი ბიოლოგიური რესურსების გამოყენებას. სკოლა კი „გლობალური ქმედებების დღეებს“ შეუერთდა.
მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ მათ ქმედებებს მოაქვს ცვლილება და ბიოლოგიური რესურსების გამოყენებით, კლიმატმეგობრულები იქნებიან.
„ჩაანაცვლე პოლიეთილენის პარკი ნაჭრის ჩანთით, ქაღალდის ჩანთით ან ბიოდეგრადირებადი პარკით! პლასტმასის ნივთების ნაცვლად გამოიყენე დაწნული ან ხისგან დამზადებული ნივთები! ხელოვნური პოლიესტერისგან ან ნეილონისგან დამზადებული ტანსაცმლის ნაცვლად ჩაიცვი ბუნებრივი ბამბისგან ან შალისგან დამზადებული ქსოვილი! შენ ყოველთვის გაქვს არჩევანი“,- ასეთი იყო მოსწავლეთა მოწოდებები.
იხილეთ ფოტოები: