თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ შავსაყდრის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო, მრავალფეროვანი და მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაზე ორიენტირებული აქტივობებითაა დატვირთული.
მათ შორის იყო დედაენის დღისადმი მიძღვნილი ლამაზი და დასამახსოვრებელი ღონისძიება.
მოსწავლეებმა 14 აპრილის მნიშვნელობის შესახებ საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს, ერთმანეთს გაუზიარეს და ცოდნა კიდევ უფრო აიმაღლეს. ბავშვებმა აღნიშნეს, რომ მშობლიურ ენას მოვლა და მოფრთხილება უნდა.
მათ, ასევე თემატური ნამუშევრები შექმნეს, სადაც შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.
აქტივობებში ისინი დიდი ხალისითა და ინტერესით იყვნენ ჩართულნი.
შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.
იხილეთ ვიდეო: