წინანდლის საჯარო სკოლის მოსწავლეები რაფიელ ერისთავის სახლ-მუზეუმს ესტუმრნენ
10-05-2024
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდლის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სხვადასხვა საინტერესო, მათ შორის, გასვლითი აქტივობა ხშირად ეწყობა.
მათ შორის, მოსწავლეებმა დედაენის დღე რაფიელ ერისთავის სახლ-მუზეუმში აღნიშნეს. მათ მუზეუმის თანამშრომლებმა უმასპინძლეს და სხვადასხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდეს.
ადგილზე დისკუსია გაიმართა, მოსწავლეებმა აზრები გაცვალეს. ბოლოს კი, მეშვიდე კლასის მოსწავლეები მაყურებლის წინაშე საინტერესო ღონისძიებით წარდგნენ.
შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.