მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახურცილაოს საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებს კარგად აქვთ გაცნობიერებული,თუ რამდენად მნიშვნელოვანია გარემოს მოფრთხილება და მასზე ზრუნვა. სწორედ ამიტომ, სკოლა გარემოსდაცვითი აქტივობებს უერთდება.
გამონაკლისი დედამიწის არც დღე ყოფილა, რომელიც სკოლაში განსაკუთრებულად აღინიშნა.
„ჩვენ ამ დღისთვის საგანგებოდ ვემზადებოდით! კავშირი, რომელიც ბუნებასთან, მცენარეებთან და მიწასთან გვაქვს, ჩვენი ჯანმრთელობისა და არსებობის განუყოფელი ნაწილია. დედამიწის დღე შეგვახსენებს, რომ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს პლანეტაზე - იქნება ეს დასუფთავება, მეტი ხის დარგვა, გადამუშავება და გადაკეთება, თუ ყვავილების ფონზე მწვანე სივრცეში გასეირნება. ჩვენ ყოველი ჩვენი მოქმედებით შეგვიძლია დადებითი გავლება ვიქონიოთ ამ პროცესზე“, - აღნიშნავენ სკოლაში.
მოსწავლეებმა საინტერესო ნამუშევრები შექმნეს, ინფორმაციები მოიძიეს და ცოდნა აიმაღლეს.
მათ კიდევ ერთხელ გააანალიზეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დედამიწის მოფრთხილება.
დედამიწის დღე საყოველთაოდ აღიარებულია, როგორც მსოფლიოში ყველაზე დიდი საერო სადღესასწაულო ღონისძიება, რომელსაც სხვადასხვა კუთხეში ყოველწლიურად მილიარდზე მეტი ადამიანი აღნიშნავს. ეს დღე ატარებს იდეას, რომელიც ემსახურება გლობალური, ეროვნული თუ ადგილობრივი პოლიტიკის ცვლილებას პლანეტის სასიკეთოდ.
1970 წელს, დედამიწის დღის დაფუძნებით საფუძველი ჩაეყარა საზოგადოებრივი ცნობიერების განვითარების მორიგ იდეას. სუფთა და ჯანსაღი გარემოსთვის ბრძოლა ყოველდღიურად უფრო აქტუალური ხდება, რადგან კლიმატის ცვლილებები ყოველდღიურად უფრო და უფრო აშკარა ხდება. ცნობიერების ზრდასთან ერთად იზრდება სამოქალაქო საზოგადოების მობილიზაციაც, რომელიც დღეს მთელ მსოფლიოში კლიმატის ცვლილებას ერთიანად აპროტესტებს. 22 აპრილი ამ თვალსაზრისით გამორჩეული თარიღია.
2024 წელს ამ დღესასწაულის 54-ე წლისთავი აღინიშნება. როგორც წესი, დედამიწის დღეს ყოველწლიურად სხვადასხვა თემა აქვს წინ წამოწეული. ამ წლის თემაა „აღვადგინოთ ჩვენი პლანეტა“, რადგან ბუნების დაცვა დღეს ნიშნავს მომავალ თაობებზე ზრუნვას.
იხილეთ ფოტოები: