სკოლა, რომელსაც საატესტატო გამოცდებზე არც ერთ წელს არც ერთი ჩაჭრილი მოსწავლე არ ჰყოლია
04-06-2018
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მოლითის საჯარო სკოლას გამოსაშვებ გამოცდებზე არც ერთ წელს არც ერთი ჩაჭრილი მოსწავლე არ ჰყოლია. 

უკვე მერვე წელია (სკოლის გამოსაშვები გამოცდები 2011 წლიდან ტარდება), ამ სკოლის მოსწავლეები როგორც საატესტატო, ასევე ერთიან ეროვნულ გამოცდებს წარმატებით აბარებენ. შარშან სკოლას ორი დამამთავრებელი კლასის მოსწავლე ჰყავდა, ორივე სტუდენტი გახდა. შარშანწინ კი ცხრა მეთორმეტეკლასელიდან შვიდმა ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდები და მათგან სამმა - სრული დაფინანსებით. წელს სკოლას ხუთი დამამთავრებელი კლასის მოსწავლე ჰყავს, რომელთაგანაც სამი ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ემზადება.

როლანდ ცუცქირიძე სკოლას მესამე წელია ხელმძღვანელობს. სკოლის დირექტორი იმედოვნებს, რომ „არცე რთი ჩაჭრილი მოსწავლის“ ტრადიცია მომავალშიც გაგრძელდება. 

„უკვე ტრადიციად იქცა ჩვენს სკოლაში, რომ არცე რთი ჩაჭრილი მოსწავლე არ გვყავს. წინა წლებში, როდესაც ქულებით ფასდებოდნენ ბავშვები, ძალიან კარგი შედეგები ჰქონდათ. აღსანიშნავია ისიც, რომ დიდია იმ მოსწავლეთა რაოდენობა, ვინც ერთიან ეროვნულ გამოცდებს გრანტით აბარებს. იმედი გვაქვს, რომ ეს ტრადიცია კვლავ შენარჩუნდება,“ - აცხადებს როლანდ ცუცქირიძე Etaloni.ge-სთან საუბრისას.

აღსანიშნავია ისიც, რომ მესამე წელია, რაც მოსწავლეები საატესტატო გამოცდებს თავიან სკოლაში აბარებენ. მანამდე მათ გამოცდის ჩასაბარებლად 5 კმ-ის დაშორებით მდებარე სკოლაში უწევდათ გამოცდის ჩაბარება. როგორც დირექტორი ამბობს, არც უცხო გარემო ყოფილა მოსწავლეებისთვის დამაბრკოლებელი ფაქტორი.

მცირეკონტინგენტიან სკოლაში ამჟამად 60 მოსწავლე სწავლობს. სკოლას ყოველწლიურად საშუალოდ 5-8 მოსწავლე ამთავრებს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203