ცხმორისის საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელმა, სოფო თედორაძემ ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში სტაჟირება გაიარა
შოთა ანანიძის სახელობის ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხმორისის საჯარო სკოლაში საკუთარი საქმის პროფესიონალი მასწავლებლები მუშაობენ.
მათ შორის, ერთ-ერთი ფიზიკის პედაგოგი სოფო თედორაძეა, რომელიც როგორც მოსწავლეთა ცოდნის განმტკიცებაზე, ისე საკუთარ განვითარებაზეც ზრუნავს. ის თანამედროვე სასწავლო მიდგომებს ფეხს უწყობს და წინსვლას არ წყვეტს.
სწორედ ამის დასტურია ის, რომ სოფო თედორაძემ CERN-ში - ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში, სტაჟირება გაიარა.
ფიზიკის პედაგოგი კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, შვეიცარიაში, ქალაქ ჟენევაში, ერთი კვირა იმყოფებოდა.
მან, სხვა ქართველ მასწავლებლებთან ერთად, სხვადასხვა სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორია დაათვალიერა, ადგილზე სასკოლო ექსპერიმენტები ჩაატარა და ცერნში მოღვაწე ქართველი და უცხოელი ფიზიკოსების ლექციები მოისმინა.