წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჭალეს თემის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით გამოირჩევიან და გარემოზე აქტიურად ზრუნავენ. სკოლასთან არსებული ეკოკლუბ „ენგურელების“ წევრები კი სხვადასხვა საინტერესო, გარემოსდაცვით აქტივობაში ერთვებიან.
ამჯერად, სკოლაში ღონისძიება „ტყე დედამიწის ფილტვები“ გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში, მოსწავლეებმა ისაუბრეს იმის შესახებ თუ რატომ არის მნიშვნელოვანი დედამიწის ფილტვების საკუთარი ფილტვებივით მოფრთხილება.
ისინი გაეცნენ შემდეგ მნიშვნელოვან ინფორმაციებს:
• დედამიწის ზედაპირზე არსებული ტყე ყოველწლიურად გამოყოფს 55.5 მილიონ ტონა ჟანგბადს.
• ცნობილია, რომ მტვრის 60-70% ილექება მცენარეთა ფოთლების ზედაპირზე. ეს მტვერი, შემდგომში, წვიმის წყლით ჩაირეცხება ნიადაგში.
ეკოკლუბ „ენგურელების“ წევრებმა კი ტყის მასივისკენ მიმავალი გზისპირები დაასუფთავეს და ნაგავი შეაგროვეს.
მათ საზოგადოების ეკოცნობიერების დონის ამაღლებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს.
„ტყე კაცობრიობისთვის არის სუფთა საცხოვრებელი გარემო, ტყე ჩვენი მწვანე საგანძური და უნიკალური ბუნებრივი სიმდიდრეა, რომელსაც გაფრთხილება, მოვლა და დაცვა სჭირდება.
ტყე ადამიანის წამალი და მეგობარია, როდესაც ტყეში ხარ და მის სუფთა ჰაერს ჩაისუნთქავთ იგრძნობთ დიდ სიამოვნებას, მის სილამაზეს და მის ალერსს - ჩვენი სკოლის ეს ღონისძიებაც სწორედ ამას ემსახურებოდა“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: