„მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატის გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლების მინისტრის ბრძანებაში ცვლილება შევიდა.
დოკუმენტით განისაზღვრა, რომ სერტიფიკატის გაცემაზე უფლებამოსილია ის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება (შემდგომ – დაწესებულება), რომელშიც დაასრულა პირმა მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა/სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა, ან მისი უფლებამონაცვლე. სერტიფიკატის გაცემაზე (სერტიფიკატის დანართის გარეშე) უფლებამოსილია აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომ – ცენტრი), თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ლიკვიდირებულია უფლებამონაცვლის განსაზღვრის გარეშე ან მას შეწყვეტილი აქვს საგანმანათლებლო საქმიანობა.
ბრძანებაში მითითებულია, თუ რა ინფორმაცია უნდა იყოს დატანილი სერტიფიკატზე:
ა) წარწერა „საქართველო“, რომელიც უნდა განთავსდეს სერტიფიკატის ზედა ცენტრალურ ადგილზე;
ბ) დაწესებულების სრული სახელწოდება (ორგანიზაციულ – სამართლებრივი ფორმის მითითებით);
გ) დაწესებულების ემბლემა/გერბი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
დ) „მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატი“/„სპეციალური მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატი“;
ე) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სერტიფიკატის სერია (ლათინური ასოებით) და ექვსნიშნა ინდივიდუალური ნომერი (თანმიმდევრული არაბული ციფრებით);
ვ) პირის მიერ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის/სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების ნომერი, თარიღი (რიცხვი, თვე, წელი), აგრეთვე, ინფორმაცია გადაწყვეტილების მიმღების თაობაზე, დაწესებულების სახელწოდების მითითებით, თუ აღნიშნული განსხვავდება ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული სახელწოდებისაგან;
ზ) იმ პირის სახელი და გვარი, რომელმაც დაასრულა მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა/სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა;
თ) მითითება მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის/სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ და კრედიტების რაოდენობა. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემთხვევაში ასევე მიეთითება მიმართულება/საგანი/საგნობრივი ჯგუფი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის/საფეხურების მითითებით);
ი) დაწესებულების ხელმძღვანელის სახელი და გვარი (სრულად), ხელმოწერა, ასევე ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიმღების სახელი, გვარი და ხელმოწერა, იმ შემთხვევაში, თუ იგი არ წარმოადგენს დაწესებულების ხელმძღვანელს;
კ) ადგილი, სადაც გაიცა სერტიფიკატი;
ლ) სერტიფიკატის გაცემის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);
მ) დაწესებულების ბეჭედი (კერძო სამართლის იურიდიული პირის – დაწესებულების შემთხვევაში – ნებაყოფლობით);
ნ) მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატებისა და დუბლიკატების/სპეციალური მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატებისა და დუბლიკატების ერთიან რეესტრში სერტიფიკატის სარეგისტრაციო ნომერი.