დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამრეკლოს საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებს ხშირად სთავაზობენ.
ამჯერად, მესამე კლასის მოსწავლეებმა, ქართული ენისა და ლიტერატურის დამსახურებული მასწავლებლის მაია ნასრაშვილის წყალობით, იმოგზაურეს პოეზიის სამყაროში, როგორც მკითხველებმა, მსმენელებმა და პოეტებმა. მათ ძალიან ბევრ საინტერესო საკითხზე ისაუბრეს. აღნიშნეს, თუ რა არის პოეზია, რატომ მისცეს ადამიანებმა სათქმელს ასეთი ფორმა, სად დაიბადა პოეზია, როგორი იყო პირველი ლექსი, რომელიც წარმოთქვეს, ახლა როგორი პოეზია იქმნება და ა.შ.
მოსწავლეებმა მოაწყვეს ხელნაკეთი წიგნების გამოფენა, მათ გულწრფელად და თამამად წაიკითხეს საკუთარი ლექსები. როგორც სკოლაში ამბობენ, სხვადასხვა პოეტის ლექსების კითხვისას საოცარი პოეტური სურნელი იგრძნობოდა, შემდეგ კი მადლობა გადაუხადეს ყველა იმ პოეტს, რომელმაც ამ მომაჯადოებელ მხატვრულ სახეს აზიარა.
„მათი მოსმენისას აუცილებლად იგრძნობდით, რომ დღევანდელ თანამედროვე ტექნოლოგიურად მრავალფეროვან საუკუნეში პოეზიას აქვს მომავალი.
მოსწავლეებმა და მასწავლებელმა დღის განწყობა და შეჯამება გამოხატეს ლექსად, შექმნეს საერთო ლექსი.
ღონისძიების ბოლოს მაია მასწავლებელი მოსწავლეებს ქართული ასოების ორცხობილებით გაუმასპინძლდა, რომელზეც გალაკტიონ ტაბიძის უკვდავი ფრაზა იკითხებოდა „პოეზია უპირველეს ყოვლისა“ და დღევანდელი შეხვედრის თემას გამოხატავდა, შემდეგ კი პატარებს გადასცა გულსაბნევები წარწერით - „მე მიყვარს პოეზია“.
ბედნიერია სკოლა, რომელსაც ჰყავს ასეთი შემოქმედებითი, მოტივირებული და საყვარელი მასწავლებელი მაია ნასრაშვილი და დიდი მომალი აქვს სკოლას, სადაც ასეთი შესანიშნავი მოსწავლეები იზრდებიან“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: