ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის N1 საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეების ეროვნულ ღირებულებებზე აღზრდასა და მათში პატრიოტული მოტივების გაღვივებას.
სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა, 14 აპრილს, სკოლაში წარდგენილი პრეზენტაცია, სახელწოდებით - „9 აპრილი დღე გამარჯვებისა და დღე დიდი ტრაგედიისა“.
პრეზენტაციის მიზანი იყო მოსწავლეებს კიდევ უფრო მეტი სცოდნოდათ, გაეგოთ და თანატოლებისთვისაც გადაეცათ ამ საერთო ეროვნული, საზეიმო და ამავე დროს ტრაგიკული მოვლენის შესახებ, მძიმე ჟამის, რომელიც ქვეყნის დამოუკიდებლობას დაედო საფუძვლად.
აგრეთვე, სკოლაში სიმბოლურად აღინიშნა დედაენის დღე, მოსწავლეები ამ დღის დაარსების ისტორიას გაეცნენ. მომხსენებელმა მასწავლებელმა ირაკლი გაბრიჭიძემ მოსწავლეებს დეტალურად გააცნო ის ისტორიული წარსული თუ რა ფაქტორებმა გამოიწვია დედაენის დღის აღნიშვნის ტრადიციის დამკვიდრება ქართულ თანამედროვეობაში.