თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალთერჯოლის საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.
აღსანიშნავია, რომ სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა პროექტს - „გარდატეხის ასაკის სირთულეები“ ახორციელებს.
პროექტის ფარგლებში, სასკოლო საზოგადოებისა და სკოლის სპორტის მასწავლებლის- გიორგი კახიძის აქტიური ჩართულობით, დაწყებითსა და საბაზო საფეხურის მოსწავლეებს შორის სპორტული აქტივობა - „მხიარული სტარტები“ მოეწყო. შეჯიბრის დაწყებამდე შეირჩა ჟიური, რომლის შემადგენლობაში იყვნენ სკოლის მასწავლებლები.
„მხიარული სტარტები“ შემდეგი თამაშებისაგან შედგებოდა: მხიარული ეტაფეტა; ცოცხალი კალათბურთი; კაპიტნების კონკურსი და ბაგირის გადაზიდვა. შეჯიბრმა ძალიან საინტერესოდ ჩაიარა. ჟიურიმ თითოეული თამაშისათვის ქულები შეაჯამა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ორივე გუნდი „მებრძოლები“ და „შევარდენი“ თითქმის თანაბარი ძალის იყვნენ, თუმცა „მებრძოლებმა“ „შევარდენი“ სულ რამდენიმე ქულით დაამარცხა. აღნიშნული პროექტის ხელმძღვანელი ელისო კუპატაძე გახლდათ.
„დამარცხებულებს იმედი არ დაუკარგავთ, ისინი შემდეგი შეჯიბრისათვის უკეთ მოემზადებიან და გაიმარჯვებენ“,- ამბობენ სკოლაში.
პროექტი ხორციელდება სამოქალაქო განათლების პროგრამის მხარდაჭერითა და დაფინანსებით.
იხილეთ ფოტოები: