ველევის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას ღონისძიებით მიაგეს პატივი
16-05-2024

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ველევის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესოდ მიმდინარეობს. მოსწავლეები აქტიურად აღნიშნავენ მნიშვნელოვან თარიღებსა და მოვლენებს. 

ამჯერად, სკოლაში, ფაშიზმზე გამარჯვებისა დღე აღინიშნა საინტერესოდ. ღონისძიებაზე ბავშვებმა ომის სისასტიკეზე ინფორმაციები მოისმინეს.

„ვესაუბრეთ ბავშვებს ომის საშინელებაზე, რომ ჩვენი თემის 4 სოფლის- კვირიკეწმინდის, ველევის, ბეთლევისა და შხივანის მცხოვრებთაგან 152 ვაჟკაცი ვეღარ დაუბრუნდა ოჯახს, უკვე აღარც დაბრუნებულთაგან არის ვინმე ცოცხალი, დრომ თავისი გააკეთა! ჩვენ მათი მონათხრობი მოგონებებიდან ვიცით რა საშინელება გადაიტანა ხალხმა და რა ძვირფასი იყო მათთვის და მათი თაობის ადამიანებისათვის 9 მაისი, ფაშიზმზე გამარჯვების დღე. ჩვენ მოგონებების მოგონებებით და კიდევ  შემორჩენილი და ჩვენს მიერ შემონახული გაცვეთილი, გაყვითლებული და საკმაოდ დაზიანებული სამკუთხა ბარათებით გიამბობთ იმ ქარიშხლიან წარსულზე, რომელსაც  დღევანდელი ყოფა და დრო აფერმკრთალებს, მაგრამ მათ ხომ ყველაზე ძვირფასი, ღმერთისგან ბოძებული სიცოცხლე, გაიღეს სამშობლოსათვის.

მარად გვახსოვდეს სამშობლოსათვის თავდადებულნი, რადგან სამშობლოს მოვლა- პატრონობაა თითოეული ჩვენგანის უპირველესი ვალი“ , - აღნიშნავენ სკოლაში.

როგორც სკოლის დირექტორის მ/შ ეკატერინე ჭიჭინაძე აღნიშნავს, ბავშვები გაეცნენ სამკუთხა ბარათებს, წაიკითხეს ომში გმირულად დაღუპული კაპიტნის - მირზა გელოვანის ლექსები, ნიკოლოზ გოგსაძემ -ცხრაკარა“ და ლიზი გოგსაძემ კი - „ნუ მწერ!“, მოისმინეს ჰამლეტ გონაშვილის შესრულებით გიორგი ლეონიძის ლექსზე შექმნილი სიმღერა „შინმოუსვლელო სადა ხარ“ „შინმოუსვლელის“- ისინი ახალი ლექსიკური ერთეულის შექმნის ისტორიასაც გაეცნენ და კიდევ ერთხელ ჩაუღრმავდნენ, რა დასაფასებელი და სანუკვარი რამ არის მშვიდობა.

„ბოლო კი, სამშობლოსათვის თავდადებულთა და იმ ქარიშხლიანი დღეების მონაწილეთა პატივმისაგებად დაანთეს წმინდა სანთლები და აღავლინეს ლოცვა „მამაო ჩვენო“, - აღნიშნავს დირექტორის მ/შ , ეკატერინე ჭიჭინაძე.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203