რა არის რემედიაცია - მეთოდები და მიდგომები
01-07-2024

რემედიაცია - მოსწავლის ცოდნაში, გაგებასა თუ უნარებში არსებული ხარვეზის ან ხარვეზების  აღმოფხვრისა და გამოსწორების პროცესია, რომლის დროსაც,  სწავლაში ჩამორჩენის აღმოფხვრისა და   პრობლემის დაძლევისთვის, მასწავლებელი მოსწავლეს დამატებითი ინსტრუქციებით, ტექნოლოგიებითა და რესურსებით ეხმარება. სწორად შერჩეული რემედიაციული ჩარევით შესაძლებელია სწავლის ხარვეზების დაძლევა და მოსწავლის აკადემიური ზრდისა და წარმატების მიღწევა.

რემედიაცია ეყრდნობა ისეთ მეთოდებსა და მიდგომებს, როგორიცაა:

მიზანზე ორიენტირებული  სწავლება  ანუ  კონკრეტულ ცნებებსა და  უნარებზე ორიენტირებული სწავლება. ის ხორციელდება როგორც  ინდივიდუალური სწავლების ფორმით, ასევე მცირე ჯგუფების ან დიფერენცირებული სწავლების კომპონენტების გამოყენებით;

პირდაპირი სწავლება, რომლის დროსაც მასწავლებელი მკაფიო ახსნა-განმარტებებს, მაგალითებს, პრაქტიკულ აქტივობებს სთავაზობს მოსწავლეს. პირდაპირი სწავლება განსაკუთრებით ეფექტურია საბაზისო ცოდნისა და უნარების გასაძლიერებლად;

მცირე ჯგუფებში ვარჯიში, რომელსაც მიმართავენ იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეთა მცირე რაოდენობას აქვს მსგავსი, სპეციფიკური სასწავლო საჭიროებები. მცირე ჯგუფებში სწავლა განსაკუთრებით უწყობს ხელს თანატოლებთან ურთიერთობის გაადვილებასა და ურთიერთსწავლას;

ინდივიდუალური სწავლება, რომელიც მიმართულია მოსწავლის კონკრეტული სასწავლო საჭიროებების დაკმაყოფილებაზე. რამდენადაც ამ დროს სამუშაო პროცესი მთლიანად ეყრდნობა მოსწავლის ტემპსა და გაგების დონეს, შესაბამისად, მოსწავლე მეტად აღწევს წარმატებას;

დიაგნოსტიკური შეფასება ანუ იმ სფეროების იდენტიფიცირება, სადაც მოსწავლეს აქვს ჩამორჩენა. ამით გამოიკვეთება ის  კონკრეტული  საკითხები, რაშიც  მოსწავლეს დამატებითი მხარდაჭერა სჭირდება;

დიაგნოსტიკური შეფასებების საფუძველზე შედგენილი ინდივიდუალური სასწავლო გეგმა, რომელშიც განსაზღვრულია მიზნის მიღწევის სტრატეგიები და რესურსებიც;

პასუხისმგებლობისგან თანდათან გათავისუფლება: თუ დასაწყისში მოსწავლეს მეტი მხარდაჭერა სჭირდებოდა, მუშაობის შედეგად ის უფრო თავდაჯერებული ხდება,  მეტად    პასუხისმგებლობით ეკიდება  საკუთარ სწავლას და დატვირთვაც გადადის მასწავლებლიდან მოსწავლეზე;

ტექნოლოგიებით სწავლება:  საგანმანათლებლო ტექნოლოგიებს, ინსტრუმენტებსა და რესურსებს რეალურად შეუძლიათ, გააუმჯობესონ სწავლის შედეგი. ინტერაქტიური პროგრამული უზრუნველყოფა, ონლაინ გაკვეთილები, ხელმისაწვდომი საგანმანათლებლო აპლიკაციები და სახალისო ციფრული თამაშები ის დამატებითი აქტივობებია, რომელსაც კონკრეტულ შემთხვევებში მიმართავს მასწავლებელი და აორმაგებს წარმატების შანსს;

სკაფოლდინგი, ხარაჩოებით სწავლება შედარებით მოკლე დროში  წარმატების მიღწევაში ეხმარება მოსწავლეს;

უწყვეტი განმავითარებელი შეფასება, რომელიც მასწავლებელს საშუალებას აძლევს, აკონტროლოს მოსწავლის პროგრესი და საჭიროებისამებრ ცვალოს სტრატეგიები. ვიქტორინები, შესასვლელი და გასასვლელი ბილეთები, საკლასო დისკუსიები და სხვ. შესაძლებლობას აძლევს  მასწავლებელს, რეალურ დროში დააკვირდეს მოსწავლის გაგება-გააზრების პროცესს, განსაზღვროს, როდის დგება  ეფექტური შედეგი და როდის არის საჭირო დამატებითი მხარდაჭერა;

განმავითარებელი შეფასების შედეგებზე დაფუძნებული დროული და კონსტრუქციული უკუკავშირი, რომელიც  ეხმარება მოსწავლეს, დაინახოს წინსვლა და მაქსიმალურად გამოავლინოს საკუთარი უნარები.

წყარო mastsavlebeli.ge

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203