ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანის საჯარო სკოლის პედაგოგები როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის ამაღლებაზე, ისე მათი ინტელექტუალური უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.
ლოგიკური უნარების გასავითარებლად კი ჭადრაკი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, შესაბამისად სკოლაში ჭადრაკის ხარისხიან სწავლებას და წახალისებას სიღრმისეულად დაეუფლონ ერთ-ერთ უძველეს ინტელექტუალურ სამაგიდო თამაშს მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, რაც მოსწავლეთა შესაძლებლობებსა და წარმატებაზე აისახება.
18-19 აპრილს, ახმეტის ბესიკ მამიაურის სახელობის სახელოვნებო სკოლაში გაიმართა აღნიშნული სკოლის პედაგოგის კლარა ძებისაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი მუნიციპალური ტურნირი ჭადრაკში.
ტურნირში მუნიციპალიტეტის სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, მათ შორის იყვნენ ქვემო ალვანის საჯარო სკოლის მოწაფეები, რომელთაც ბრწყინვალე შედეგი აჩვენეს.
გუნდურ თამაშში 1-ელი ადგილი ქვემო ალვნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაიკავეს.
აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატს ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის მერი ალექსი ფიცხელაური, მერის პირველი მოადგილე ზურაბ ფილაშვილი და კახეთის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია ქიტესაშვილი.