22 მაისს, კირცხის N1 საჯარო სკოლაში 2024 წლის „ჩხოროწყუს ეტალონი გუნდი“ გამოვლინდა.
ინტელექტისა და ცოდნის ზეიმში მუნიციპალიტეტის სკოლების მე-6 და მე-7 კლასელებისგან დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობდნენ. გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 17 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა.
ღონისძიებას „ეტალონის“ ავტორი და უცვლელი წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვება. მონაწილე გუნდებს კი ადგილობრივი ხელისუფლების, საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები გულშემატკივრობენ. კონკურსის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს და წარმატებები უსურვეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა ჯუმბერ იზორიამ და ჯანო პერტაიამ და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა თეა ტყებუჩავამ.
ღონისძიების მსვლელობისას, სპეციალური დიპლომებით დაჯილდოვდნენ izrune.ge-ში ჩართული გამორჩეულად წარმატებული მოსწავლეებიც.20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ:
2024 წლის „ჩხოროწყუს ეტალონი გუნდის“ წოდება და პირველობა მოიპოვა ახუთის N1 საჯარო სკოლის გუნდმა 70 ქულით. გუნდს ხელმძღვანელობდა VII კლასის მოსწავლე ლიკა ჯალაღონია, ხოლო შემადგენლობაში შედიოდნენ თათია ჯალაღონია VII კლასი, გიგი ჯალაღონია VII კლასი, ანანო ჩიტაია VI კლასი და მათე ბებია VI კლასი.
მეორე ადგილზე 67 ქულით გავიდა ლესიჭინეს N1 საჯარო სკოლის გუნდი VII კლასელი გიორგი დგებუაძის კაპიტნობით. გუნდის შემადგენლობაში იყვნენ: ნინო ხორავა VI კლასი, დავით ქორთუა VII კლასი, თამუნა ქობალია VI კლასი და ვიკა გამსახურდია VI კლასი.
მესამე ადგილი კი ასევე 67 ქულით მოიპოვა თაიას საჯარო სკოლის გუნდმა. გუნდს ხელმძღვანელობდა VII კლასელი ელენე ოთხოზორია. შემადგენლობაში კი შედიოდნენ: მარიამი მორგოშია VII კლასი, კახა გაბედავა VI კლასი, ანასტასია აბშილავა VI კლასი და თამარი მორგოშია VI კლასი.
აღსანიშნავია რომ მეორე და მესამე ადგილზე გასულმა გუნდებმა თანაბარი, 67-67 ქულა დააგროვეს, თუმცა ლესიჭინეს N1 საჯარო სკოლის გუნდმა ეს უფრო მცირე დროში - 191 წამში მოახერხა, ხოლო თაიას საჯარო სკოლის გუნდს შედეგისთვის 223 წამი დასჭირდა.
ღონისძიების სრული ფოტოკოლაჟი იხილეთ ბმულზე
ასევე იხილეთ:
ჩხოროწყუს „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს