„გესახელებინოთ თქვენი მშობლები, სკოლა და სრულიად საქართველო!“- ლიის თემის N1 საჯარო სკოლაში „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N1 საჯარო სკოლიდან მეთორმეტეკლასელები დიდი ზარ-ზეიმით გააცილეს.
ეს დღე სკოლის თითოეული წარმომადგენლისთვის ძალიან ემოციური აღმოჩნდა.
კურსდამთავრებულებმა ერთმანეთს თეთრ მაისურებზე სამახსოვრო წარწერები დაუტოვეს, სკოლაში გატარებული წლები აღნიშნეს და პედაგოგებს ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადეს.
პედაგოგებმა და დირექციამ კი მათ ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებები უსურვეს.
„ძვირფასო გოგონებო და ბიჭებო!
გზას დაგილოცავთ! ლამაზ, ფერად, ბედნიერ და ნათელ მომავალს გისურვებთ!
დღეიდან თქვენთვის სრულიად ახალი ეტაპი იწყება-ახალი გამოცდილებით, ურთიერთობებით, მეგობრებით, პასუხისმგებლობით ოჯახისა და სამშობლოს წინაშე. წარმატებებს გისურვებთ ამ გზაზე!
გესახელებინოთ თქვენი მშობლები, სკოლა და სრულიად საქართველო!
ზეციდან დაელოცეთ ჩვენს უდროოდ წასულ ღიმილის ბიჭს, ლევანს. სანთელი და საკმელი მის ნათელ სულს, მისი სიცოცხლე თქვენ გულებში გაგრძელებულიყოს!
დალოცვილები იყავით!“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: