დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ოროზმანის საჯარო სკოლაში მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა. კურსდამთავრებულებმა სკოლის პედაგოგიურ კოლექტივსა და პირადად სკოლის დირექტორ ისლამ მამედოვს, იმ გულისხმიერებისა და მხარდაჭერისთვის, რომელსაც მათგან გრძნობდნენ, უღრმესი მადლობა გადაუხადეს. გარდა ამისა, აღნიშნეს, რომ სკოლის კედლებში შეძენილი ცოდნა ცხოვრების განმავლობაში გაჰყვებათ და ახალი წარმატებების საფუძველი იქნება.
სკოლის დირექტორმა - ისლამ მამედოვმა კურსდამთავრებულებს სკოლის დამთავრება მიულოცა და წარმატებები უსურვა. მათ სიტყვებით მიმართეს მასწავლებლებმა - ლამია ასადოვამ, ბახრუზ ბაირამოვმა, ახმედ ისმაილოვმა, ლეილა ისკანდაროვამ, ზენფირა ისკანდაროვამ, ბასტი სულეიმანოვამ და სხვებმა.
საზეიმო განწყობას შესაბამისად მორთული გარემო კიდევ უფრო ამაღლებდა.
„თითქოს გუშინ იყო შემკრთალებმა რომ შემოაღეს სკოლის კარი. ახლა კი, უკვე სკოლას ემშვიდობებიან და ცხოვრების ახალი გზის გასაყართან დგანან. ზოგიერთ მათგანს უკვე თვრამეტი წელი შეუსრულდა და სკოლასთან ერთად, ბავშვობასაც ემშვიდობება.
სკოლა თავის აღზრდილებს ემშვიდობება. არის სიხარული და სიხარულის ცრემლიც.
ეს დღე, როგორც ლამაზი მოგონება, თითოეულ კურსდამთავრებულს არასოდეს დაავიწყდება.
და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თაობათა მონაცვლეობის პრინციპი ქვემო ოროზმანის საჯარო სკოლაში სიმბოლურად განასახიერეს, კურსდამთავრებულებმა. მათ სკოლაში შემოიყვანეს ისინი, ვინც სექტემბერში შემოაღებენ სკოლის კარს. პატარებმა საჩუქრად სასწავლო ნივთები და ყვავილები მიიღეს“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: