ონის მუნიციპალიტეტის სოფელ უწერის, ღარის, შეუბნის, პიპილეთის, სორის, ღების, სიმონ სხირტლაძის სახელობის ონის, გლოლისა და ჭიორის საჯარო სკოლებში მოტივირებული და მიზანდასახული მოსწავლეები სწავლობენ.
ისინი, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ აქტივობაში ერთვებიან და მნიშვნელოვან თარიღებს აღნიშნავენ. გამონაკლისი არც დედაენის დღე ყოფილა. აღნიშნული სკოლების მოსწავლეები ონის საგანმანათლებლო რესურსცენტრში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ.
მათ ქართულ ენას ხოტბა შეასხეს და იაკობ გოგებაშვილის ღვაწლზე ისაუბრეს. მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.
ფოტო: ონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის - ნინო მეტრეველის facebook-ის გვერდი.