''ამირანიან - ფიროსმანიანნი'' - ლეგენდა, თუ ნამდვილი ამბავი
28-11-2016
''ამირანიან - ფიროსმანიანნი'' ეს არ არის ლეგენდის დასაწყისი. არადა, ნამდვილი ლეგენდაა. თვალით ნანახი და დაუჯერებელი, გასაშტერებელი, გამაოგნებელი. 

ხედავ და თვალს რომ მოიფშვნეტ, სიზმარია თუ ცხადიაო. ციხე-სიმაგრედ ქცეული არწივთა საბუდარი, ქალაქის გალავანში ჩაყოლებული პაწაწინა ტაძარი, ბრძოლას აყოლილი ლოცვა და გადაშენებას გადარჩენილი ჯიში და ჯილაგი. ცხენს გადაკიდებული ჩვილ-ჩაკრული აკვნები, ბაცაცა ლეკის აწიოკებული   ქიზიყის სოფლები და მამაკაცურად გადაცმული აქაური დედაკაცები გატაცებულის უკან დასაბრუნებლად. უკუღმა დატრიალებული ქართველთა ერთ-ერთი შემადგენელის, უბატონო   მხარის ჩარხი. ჩვენს თვალწინ ხელისგულზე გაშლილი ალაზნის მხარე, მოგზაურობა დროში. სკვერის კედელს ფილას შეყინული შინმოუსვლელ გმირთა   სახელები. დაუსრულებელი ომები, სისხლი და მსხვერპლი. ქიზიყის მიწით ნასაზრდოები გენიოსთა საამაყო დასი, სარაჯიშვილი, დოდაშვილი, ნიკალა და ჰამლეტი. ისტორიის განვითარების უწყვეტობა: ნეოლითიდან XIX საუკუნემდე ქართული ეთნოგრაფიის დახვეწილი დანატოვარი კიპაროსთა და ნაძვთა ჯარში  ლოცვად მდგომარე ნინოწმინდა. რუდუნებით მოვლილი თითოეული ყვავილი, ბალახი და ხის ტოტი. ცაში ატყორცნილ ხარაჩოზე წამომართული ოსტატი, ქვას რომ კვეთს. გაგრძელებული ისტორიული წარსული. გენია ნიკალასი, ჭიქა არაყზე ჩაქარგული დუქნები და კედელზე გაცოცხლებული ლხინი   ქართული. ქიზიყის ბუნებაში ბავშვების მიერ გაწეული გულითადი მასპინძლობა -  ვაზის ნასხლავზე  პატარა ხელებით დატრიალებული მწვადი და ვაზის ნაჟური, რომლისაგანაც წმ.ზედაშეც  შეიძლება დაამზადო კაცმა. ნუკრიანის შესასვლელთან მცველად მდგარი ამირანი დაკუნთული მხარ-მკლავით  (ისევ  ქართველის ხელით გამქრალი), ამირანის  მითიდან დაწყებული  საქართველო და  ჩვენ, ამირანიანთა შთამომავალნი, ჩამომავალნი ძირძველ ქიზიყელთა, ამაყნი, თამამნი, უბატონო და ქედ-დაუდრეკელნი, ვაგრძელებთ საქართველოს ისტორიას, ღირსეულად  და მამა-პაპურად, ჯვრითა და ხმლით, მრავალჟამიერ! ერთი ჩვეულებრივი, თბილი, მზიანი დღე შემოდგომისა. ამავე დროს ულამაზესი დღე ჯუგაანის საჯარო სკოლის VIII კლასელთათვის. მადლობა მათ, ვინც იზრუნა ჩვენზე, მადლობა უფალს ყველაფრისათვის! 

იდეის ავტორი: ჯუგაანის სკოლის მასწავლებელი მარინა ზედელაშვილი.

გაფორმებაზე მუშაობდნენ VIII კლასის მოსწავლეები. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203