სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაჩხაანის საჯარო სკოლაში დიდი ჟრიამული იყო.
საგულდაგულოდ მორთულ საკლასო ოთახში თითქმის ყველა მოსწავლემ, მასწავლებელმა და მშობლებმა მოიყარა თავი. იქ ერთდროულად გაიმართა „ანბანის ზეიმი“ და „ბოლო ზარი“. აღსანიშნავია, რომ ორი მეთორმეტეკლასელი ერთმა პირველკლასელმა გააცილა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მზია მახარობლიშვილის ხელმძღვანელობით გამართული ღონისძიება, შესანიშნავად იყო ორგანიზებული. მასში მოსწავლეები მონდომებით ჩაერთნენ. ისინი ერთმანეთს ლექსის თქმაში, სიმღერასა და ცეკვაში ეცილებოდნენ.
აწ უკვე კურსდამთავრებულებმა - ანასტასია პაპუაშვილმა და მიხეილ როსტიაშვილმა თორმეტი წლის განმავლობაში გაწეული ამაგისა და სიკეთისათვის, პედაგოგებს მადლობა გადაუხადეს.
„გულაჩუყებულები ვეღარ იკავებდნენ სიხარულისა და სკოლასთან განშორების ცრემლებს. „ახალგაზრდობავ გზას გილოცავთ შუქით შემოსილს“ - ეს სიტყვები იკითხებოდა თითოეული პედაგოგის სახეზე. მეთორმეტეკლასელებს მიესალმნენ და კეთილი სურვილები უსურვეს სკოლის დირექტორმა - თამილა ქურხაშვილმა, კლასის დამრიგებელმა - მერი ნანობაშვილმა, დაწყებითი კლასის მასწვლებელმა - ჯულიეტა მჭედლიშვილმა და მშობელმა - ქეთევან ბეროზაშვილმა. მათ წარმოთქმულ თითოეულ სიტყვაში უხვად იყო ჩაქსოვილი დედობრივი მზრუნველობა და განშორებისაგან გამოწვეული სევდაც. ასევე, ღრმა რწმენა იმისა, რომ არცერთი მათგანი არ შეარცხვენდა სკოლის სახელსა და ღირსებას. მათ კურსდამთავრებულებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარება და ცხოვრების კლდოვან ბილიკებზე მხნე და გამართული პირველი ნაბიჯების გადადგმა უსურვეს“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: