ქუთაისის N7 სკოლის სამოქალაქო კლუბისა და მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრებმა მოქანდაკეს უმასპინძლეს 
30-05-2024

ქუთაისის N7 საჯარო სკოლაში ყოველთვის გამორჩეულად საინტერესო აქტივობები ეწყობა. 

ამჯერად, როგორც სკოლაში ამბობენ, სამოქალაქო კლუბისა და მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრებმა ქუთაისის სავიზიტო ბარათებად ქცეული ქანდაკებების ავტორს, მხატვრებისა და მოქანდაკეების ოჯახში გაზრდილ, ქუთაისზე შეყვარებულ ადამიანს - გიორგი კიკვაძეს უმასპინძლეს. აღსანიშნავია, რომ ის ამავე სკოლის მოსწავლის მშობელიცაა. 

ის მოსწავლეებს სხვადასხვა საინტერესო საკითხზე ესუბრა და მათ კითხვებს უპასუხა. აღსანიშნავია, რომ წარმატებული ადამიანის ისტორიის გაზიარება, უშუალო, იუმორით შეზავებული კომუნიკაცია, მოსწავლეებისთვის შთამბეჭდავი აღმოჩნდა. 

აქტივობა სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში გაიმართა.

ამ ვიზიტის აღსაწერად და ქუთაისზე სასაუბროდ სკოლაში რეზო გაბრიაძის სიტყვები მოიშველიეს.

„ქუთაისი ადრიატიკაა, ის უფრო ხმელთაშუაზღვისპირული ქალაქია, უფრო ლირიულია, რბილი, აქ უფრო იგრძნობა ბერძნული გავლენა. თბილისმა სხვა გზა გამოიარა. მასში სპარსეთიც იგრძნობა და ევროპაც. ქუთაისი უფრო მსუბუქი ქალაქია, ქუთაისელები მსუბუქად იღიმებიან, მსუბუქად ტირიან, მათი გრძნობები და ურთიერთობებიც უფრო მსუბუქია და იმ სამყაროშიც უფრო მსუბუქად მიდიან“

„არის ქუთაისში ჰაერის ერთი მოძრაობა, აღარც ქარია უკვე და აღარც ნიავი. ჯერ გლიცერინის სუნი აქვს, თბილია, უქმია, ზედმეტად ზრდილობიანი. ჩემი ნება რომ იყოს, მე მას ლიზიკო გაბუნიას დავარქმევდი და ქუთაისის პედინსტიტუტში ჩავრიცხავდი ფრანგული ენის ფაკულტეტზე უგამოცდოდ“ - რეზო გაბრიაძე.

სკოლაში ასევე აღნიშნეს, რომ ქუთაისს არაერთი ნიჭიერი ადამიანი აღუზრდია.

„ქუთაისი ნიჭიერი ადამიანების ქალაქია, რომლებიც წერენ ქალაქის ისტორიას. სწორედ ასეთი ადამიანი სტუმრობდა ქუთაისის მეშვიდე საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბისა და მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრებს“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203