საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, სკოლებში საბაზო საფეხური 9-ის ნაცვლად, 10-წლიანი გახდება, რაც გულისხმობს სავალდებულო განათლების ერთი წლით გახანგრძლივებას. პირები, რომლებსაც გადაწყვეტილი აქვთ საბაზო საფეხურის დასრულების შემდეგ შეწყვიტონ ზოგადი განათლების მიღება, ვალდებულნი იქნებიან, მე-10 კლასიც დაასრულონ.
როგორ აისახება ეს მიდგომა განათლების ხარისხზე და რეალურად ცვლის თუ არა რამეს 1 წელი მოსწავლეთა ცხოვრებაში ? - Etaloni.ge-სთან საკითხს სკოლის ხელმძღვანელები განიხილავენ, საუბრობენ ინიციატივის დადებით თუ უარყოფით მხარეებზე და იმასაც გვიმხელენ, რა შედეგებზე შეიძლება გავიდნენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები სწავლა-სწავლების პროცესში:
ნატო გაბოშვილი, თბილისის N169 საჯარო სკოლის დირექტორი:
ამ საკითხზე გარკვეული პერიოდია მიდის საუბარი და ვფიქრობ, რომ დადებითი ტენდენცია იქნება, გამომდინარე იქიდან, რომ საბაზო განათლება სავალდებულოა და ამის შემდეგ მოსწავლეს შეუძლია მუშაობის დაწყებაც, პროფესიულ სასწავლებელში სწავლის გაგრძელება და პროფესიის დაუფლება; ამ 1 წლის დამატება ძალიან სასარგებლო იქნება მათთვის - უკეთ გაერკვევიან საკუთარ უნარებში, შესაძლებლობებსა და სურვილებში. მოზარდობის ასაკში 1 წელიც ძალიან მნიშვნელოვანია თვითგამორკვევისთვის.
21-ე საუკუნეში ჩვენ დროის ფასი ვისწავლეთ, ვიცით, რომ არც ერთი წუთი არ გვაქვს დასაკარგი, ალბათ არავისთვისაა უცხო, რომ მე-9 კლასის შემდეგ, როცა მოსწავლეებს აღარ სურთ სკოლაში სწავლის გაგრძელება და საგნების სიღრმისეულად დასწავლა, გადიან სკოლიდან, არც პროფესიას ეუფლებიან და ფაქტობრივად წლებს კარგავენ... სწორედ ამიტომ მივესალმები საბაზო საფეხურის გახანგრძლივებას. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დღეს პროფესიული სასწავლებლები იძლევა შესაძლებლობას, ახალგაზრდა პროფესიასაც დაეუფლოს, ატესტატიც აიღოს და თუ უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების სურვილი ექნება, არც ეს არჩევანი ეზღუდება. მარტივად რომ ვთქვათ, მე მომწონს ეს გადაწყვეტილება, პირადად ვმონაწილეობდი ამ თემის განხილვებში და დადებითად ვაფასებდი. ჩემი გამოცდილებითაც რომ გითხრათ, მიმდინარე სასწავლო წლის განმავლობაში ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობდით პროფსასწავლებლებთან, ჩვენმა სამოქალაქო განათლების კლუბმა გააკეთა ერთ-ერთი პროექტი - „ჩემი მომავალი პროფესია“, რამდენიმე კოლეჯში იყვნენ კლუბის წევრები, გაეცნენ მათ საქმიანობას, შესაძლებლობებს და შემდეგ უკვე სკოლაში, დანარჩენ მოსწავლეებს წარუდგინეს პრეზენტაცია, ბევრი მოსწავლე დაინტერესდა. სტატისტიკას თუ გადავხედავთ, დიდი მაჩვენებელი არ გვაქვს მე-9 კლასიდან წასული მოსწავლეების, თუმცა მცირე პროცენტი მაინც მიდიოდა. მშობლის მომენტიც არის აქ, ის მაინც თვლის, რომ მე-9 კლასელი ჯერ პატარაა გარემოს შესაცვლელად და პროფესიის დასაუფლებლად, ამიტომაც ამ კუთხითაც გამართლებულია საბაზო საფეხურის 1 წლით გაზრდა.
ირაკლი კუპატაძე, თბილისის N175 საჯარო სკოლა დირექტორი:
10-წლიანი საბაზო განათლება, საკმაოდ რთული საკითხია და ამ შემთხვევაში ყველა საფეხურის სტანდარტი უნდა მოვიდეს სისრულეში; 10 კლასის ჩათვლით მოსწავლე უნდა იღებდეს ზოგად განათლებას, შემდეგი - საშუალო საფეხური კი მოიცავდეს პროფილურ სწავლებას, რასაც დიდი მუშაობა სჭირდება, პროგრამებისა თუ სტანდარტების გადაწყობა და ახალ სტანდარტთან შესაბამისობაში მოყვანა. მარტივად რომ ვთქვათ, ყველაფერი იქნება თავიდან გადასაწერი, ეროვნული სტანდარტი საერთაშორისოს უნდა მოერგოს... კოლოსალური სამუშაო იქნება გასატარებელი, თუმცა ყველაფერი მონდომებაზეა. შესაძლებელია სტანდარტები მოვიდეს შესაბამისობაში საერთაშორისო კურიკულუმთანაც, არსებულის მოდიფიცირების შედეგად.
მთავარია განისაზღვროს, ჯერ რა გვინდა, გვქონდეს სწორი კურსი. ვფიქრობ პროფსასწავლებლებთან თანამშრომლობა მეტად უნდა გაღრმავდეს და მივესალმები მინისტრის ხედვას ამ კუთხით - ძველი სტიგმა პროფსასწავლებლებთან დაკავშირებით უნდა დაინგრეს, რადგან საერთაშორისოდ აღიარებულ დიპლომს გასცემს, გარდა ამისა ინტეგრირებული პროგრამებიც აქვთ და ატესტატის აღების შესაძლებლობაც ეძლევათ ახალგაზრდებს, ყველაფერ ამაზე მეტი საუბარია საჭირო, არა მხოლოდ სკოლების მხრიდან, საზოგადოებაში ამ კუთხით ცნობიერების ამაღლება ძალიან მნიშვნელოვანია.
თამარ მაჭარაშვილი, თბილისის N132 საჯარო სკოლა დირექტორი:
საბაზო საფეხური 1 წლით გახანგრძლივდება და პროგრამაც ისე იქნება ჩაშენებული, რომ სავალდებულო საბაზო საფეხურზე ბავშვმა მიიღოს საკმარისი განათლება, თუ მას საშუალო საფეხურზე სწავლის გაგრძელების სურვილი აღარ ექნება. 9 კლასის პროგრამაში მასალა ისე ამომწურავად ვერ არის ჩაშენებული, როგორც ვისურვებდი. ბევრ ცვლილებას გამოიწვევს აღნიშნული გადაწყვეტილება და ალბათ მერე უფრო თამამად შევძლებთ საუბარს მის შედეგიანობაზე. შეიცვლება ეროვნული სასწავლო გეგმა, სტანდარტები, პროგრამა, მასალაც, ასევე სერიოზული კვლევების ჩატარება იქნება საჭირო და დარწმუნებული ვარ, რომ დირექტორებისა და პედაგოგების აზრსაც გაითვალისწინებენ ამ პროცესში.