მატნის N1 საჯარო სკოლაში ქართველი ერის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის შესახებ პრეზენტაცია ჩაატარეს
05-06-2018
მატნის N1 საჯარო სკოლაში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს ღონისძიება მიუძღვნეს. ღონისძიებას ისტორიის პედაგოგი ნანი მთივლიშვილი ხელმძღვანელობდა.
სკოლის აღსაზრდელებმა პრეზენტაცია ჩაატარეს და 1918 -1921 წლების მოვლენებსა და ქართველი ერის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის შესახებ ისაუბრეს.
ღონისძიებას აფხაზეთის ომის გმირის, სოფელ მატნის მკვიდრის, მიშიკო ზურაბაშვილის დედა ელიკო მიკირტუმაშვილი და სოფელ მატნის სახელოვანი პოეტი თინა ჯანიბეგაშვილი ესწრებოდნენ.
წელს საქართველო პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლის იუბილეს აღნიშნავს.
100 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ მხოლოდ სამ წელს იარსება და 1921 წლის 25 თებერვალს წითელი არმიის შემოჭრის შემდეგ, არსებობა შეწყვიტა. ქვეყანამ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს, 1918 წლის დეკლარაციის საფუძველზე აღადგინა.