პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით მმართველი გუნდი დღეს კანონების პაკეტს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ აინიცირებს. ცვლილებები ეხება საგანმანათლებლო დაწესებულებებს. უფრო კონკრეტულად:
იკრძალება საჯარო ან კერძო საგანმანათლებლო დაწესებულების სასწავლო პროცესში იმგვარი ინფორმაციის მიწოდება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული.
პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მაუწყებლებს აეკრძალებათ ერთი სქესის წარმომადგენელთა ინტიმური სცენების ამსახველი კადრების გავრცელება. შეზღუდვა შეეხება კინოთეატრებში გასულ ფილმში მსგავსი შინაარსის კადრებსაც.
„რაც შეეხება საგანმანათლებლო სექტორს, აქ საკითხი ეხება პროგრამებში პროპაგანდას. ეს ეხება პოპულარიზაციას, რეკლამირებას, პროპაგანდას, რომ ერთი სქესის წარმომადგენელმა ადამიანმა თავი მიაკუთვნოს საპირისპიროს ან სხვა სქესს. პროპაგანდაა, რომ ერთი სქესის მქონე ადამიანებს ჰქონდეთ ერთმანეთთან ურთიერთობა და ეს არის ინცესტის პროპაგანდა. თუ იქნება ამ სამი საკითხის პოპულარიზაცია და პროპაგანდა, ეს იქნება შეზღუდული საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და მაუწყებლებში, ასეთი სახის პროგრამები“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.