ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყემლანის საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.
ამჯერად, ციფრული უსაფრთხოებისა და ინფორმირებულობის ხელშეწყობის მიზნით, სკოლის საინფორმაციო ტექნოლოგიების მასწავლებელმა ნინო ტყემალაძემ კიბერუსაფრთხოების შესახებ საინტერესო ღონისძიება ჩაატარა. ღონისძიება მიზნად ისახავდა მოსწავლეებს გაეაზრებინათ კიბერჰიგიენის მნიშვნელობა და ესწავლათ საკუთარი თავის დაცვა ციფრულ სფეროში.
აღნიშნული ღონისძიება პრეზენტაციით დაიწყო, სადაც საფუძვლიანად იყო ახსნილი კიბერუსაფრთხოების კონცეფცია. მოსწავლეები კიბერჰიგიენის დაცვის სხვადასხვა ასპექტსა და ინტერნეტ სივრცეში პირადი ინფორმაციის დაცვის მნიშვნელობას გაეცნენ. გარდა ამისა, ხაზგასმით აღინიშნა საკითხის აქტუალობა. ღონისძიებაზე ისაუბრეს, საქართველოში და ზოგადად, მსოფლიოში განხორციელებულ კიბერშეტევებზე, რაც პოტენციურ რისკებსა და სიფხიზლის აუცილებლობაზე მიანიშნებს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიების მნიშვნელოვანი ნაწილი კიბერბულინგის საკითხის განხილვა იყო. შესაბამისი ვიდეოების საშუალებით, მოსწავლეებმა გააცნობიერეს კიბერბულინგის საშიშროება და რა ნაბიჯები უნდა გადადგან, რათა უზრუნველყონ მათი ონლაინ ინტერაქციის უსაფრთხოება და პატივისცემა. ასევე, განხილული იყო ისეთი თემები, როგორიცაა ინტერნეტის უსაფრთხოება, ვებ-გვერდების დათვალიერების და გამოყენების უსაფრთხო პრაქტიკა, ძლიერი პაროლები და საიმედო ელფოსტა.
იმისათვის, რომ ღონისძიებაა ინტერაქტიული და საინტერესო ყოფილიყო, ჩატარდა კიბერვიქტორინა. მოსწავლეები დაიყვნენ სამ გუნდად და სიტუაციურ დავალებებში ჩაერთნენ, უპასუხეს კიბერუსაფრთხოების სცენარებთან დაკავშირებულ კითხვებს.
სკოლაში გვიყვებიან, რომ ამ პრაქტიკულმა მიდგომამ არა მხოლოდ გააძლიერა მათი ცოდნა, არამედ წაახალისა გუნდური მუშაობა და კრიტიკული აზროვნება. ვიქტორინა დასრულდა ღია შეკითხვებზე პასუხებით, რაც საშუალებას აძლევდა მოსწავლეებს გამოეყენებინათ ნასწავლი შემოქმედებითი და ანალიტიკური გზით.
ღონისძიების ფარგლებში მე-6 კლასის მოსწავლეებმა კიბერუსაფრთხოების სხვადასხვა თემაზე საინფორმაციო ბროშურები შექმნეს და სასწავლო გამოცდილება კიდევ უფრო გაამდიდრეს.
„მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვნად ზრდის მოსწავლეთა ციფრულ წიგნიერებას, პასუხისმგებლობის გრძნობას, ყურადღების და ინფორმირებულობის მნიშვნელობას ინტერნეტსივრცის უსაფრთხოდ გამოყენებისას“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: