ზუზუმბოს გორაზე გაცოცხლებული დღესასწაული „არიფანა“- თელავის N6 სკოლის მოსწავლეებმა შთამბეჭდავი სანახაობა მოაწყვეს
07-06-2024

თელავის N6 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო ინიციატივებით, შემოქმედებითი აქტივობებითა და შთამბეჭდავი ღონისძიებებითაა გაჯერებული. 

ამჯერად, მოსწავლეებმა ზუზუმბოს გორაზე დღესასწაული - არიფანა  „გააცოცხლეს“. 

სახელმძღვანელოში საინფორმაციო ტექსტის გაცნობის შემდეგ, მე-3 და მე-4 კლასის მოსწავლეებმა,  ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ თამარ კიმოთიძესთან ერთად, ასევე მშობელთა აქტიური ჩართულობით, გადაწყვიტეს ზუზუმბოს გორაზე წასვლა. 

მოსწავლეებმა გორაზე ძველი ტრადიციული დღესასწაული „არიფანა“ გააცოცხლეს. წაიკითხეს ლექსები, იმღერეს, იცეკვეს, გაიხსენეს ძველი ხალხური თამაშობები. ზეიმის „დიასახლისი“ (მე-4 კლასის მოსწავლე თათია კევლიშვილი) ზრუნავდა თითოეულ მოსწავლეზე.

პატარებმა წაიხემსეს, ერთმანეთს ტკბილეულით გაუმასპინძლდნენ და დღე ხალისიანად გაატარეს.

აღსანიშნავია, რომ აქტიური მონაწილეობისათვის თითოეულ  მოსწავლეს გადაეცა სერტიფიკატი. ბავშვები შთაბეჭდილებით აღსავსენი დაბრუნდნენ შინ. 

„სოფლელი გოგო-ბიჭების გულგასახარი გასართობი არიფანა იყო. ბავშვები შინიდან წაიღებდნენ: ქადებს, ნაზუქებს, ტკბილ სასმელებს, გაშლიდნენ სუფრას, დაამშვენებდნენ ყვავილებით, ირჩევდნენ დღესასწაულის დიასახლისს, მღეროდნენ, თამაშობდნენ - დაუვიწყარი, საინტერესო და ემოციებით აღსავსე დღე ლამაზ მოგონებად შემორჩება თითოეულ მათგანს“, - ასე შეაფასეს ღონისძიება სკოლაში და მოსწავლეებს აქტიურობისთვის მადლობა გადაუხადეს. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203