ქეთევან ნიკოლაძე აფხაზეთის N6 საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგია, რომლისთვისაც თითოეული მოსწავლის ბედნიერება ძალიან მნიშვნელოვანია - ამისთვის კი თავს არ ზოგავს. მასწავლებლობაზე სკოლის მერხიდან ოცნებობდა, გაიზარდა და ოცნება რეალობად აქცია... მის მეგობრულ, თბილ დამოკიდებულებას მოსწავლეები ყოველთვის გრძნობენ და სიყვარულსაც ასმაგად უბრუნებენ.
მოსწავლე-მასწავლებელს შორის ასეთი საოცარი დამოკიდებულება „ეტალონის“ ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის დროს კიდევ უფრო აშკარა გახდა. კონკურსში, რომელიც აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროში, აფხაზეთის ა/რ სკოლების მოსწავლეებს შორის ჩატარდა, ქეთევან მასწავლებელი ბავშვებს ისე გულშემატკივრობდა, ნათელი გახდა, რომ არაფორმალური განათლების პროექტებში, მონაწილეობა, მოსწავლეების წარმატების საწინდრად მიაჩნია. ქეთევან ნიკოლაძე იმდენად იყო ჩართული კონკურსში, რომ პროექტის ავტორმა - გოჩა ტყეშელაშვილმა საკონკურსო კითხვებზეც მოისმინა მისი პასუხები.
დაგვეთანხმეთ, ადვილი არ არის, „ჯენზის თაობას“ თავი შეაყვარო, თუმცა აფხაზეთის N6 საჯარო სკოლის პედაგოგმა ეს დავალება უმაღლეს ქულაზე შეასრულა და იცით რატომ? - იმიტომ რომ მოსწავლეებს კოლეგებად მიიჩნევს და სურს, მისმა ბავშვებმა როდესაც სკოლას დაამთავრებენ, საგნის ცოდნაში აჯობონ.
აქვე გეტყვით, რომ იგი მოსწავლეებს ინგლისურ ენას საინტერესო აქტივობების გამოყენებით, ხალისიანად და იმავდროულად, ხარისხიანად ასწავლის. გვიმხელს, რომ ბავშვებთან თავისებური მიდგომები აქვს შემუშავებული, რაც ამართლებს და მოსწავლეთა მიღწევებზეც აისახება.
მასწავლებლის პროფესიაზე, გამოცდილებაზე, მოსწავლეებთან ურთიერთობაზე, არაფორმალური განათლების მნიშვნელობასა და სხვა საინტერესო თემებზე პედაგოგი ქეთევან ნიკოლაძე etaloni-ge-სთან საუბრობს:
- ქალბატონო ქეთევან, გვიამბეთ, რატომ გადაწყვიტეთ მასწავლებლობა და რას ნიშნავს ეს პროფესია თქვენთვის?
- უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ მალევე დავიწყე სკოლაში მუშაობა ინგლისურის მასწავლებლად. მას შემდეგ უკვე 28 წელი გავიდა. ზოგადად, მასწავლებლობა სკოლის მერხიდან მინდოდა. დაახლოებით, მე-7, მე-8 კლასში უკვე ზუსტად ვიცოდი, რომ მე უნდა ვყოფილიყავი ინგლისური ენის პედაგოგი. პროფესიის არჩევაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ჩემმა პედაგოგებმა, რომლებიც სკოლაში მასწავლიდნენ, რჩევებს მაძლევდნენ და მეხმარებოდნენ. მათგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე, რაც ძალიან გამომადგა ბავშვებთან ურთიერთობისას.
- როგორც ფიქრობთ, მასწავლებელს საქმის პროფესიონალად რა აყალიბებს, რა თვისებებით უნდა იყოს დაჯილდოებული?
- რა თქმა უნდა, პირველ რიგში, თავისი საგანი უნდა იცოდეს ძალიან კარგად. თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანია ბავშვების მიმართ მეგობრული დამოკიდებულება. პედაგოგი აუცილებლად, ძალიან ყურადღებიანი, გამგებიანი უნდა იყოს. მისი დანახვა ბავშვებს უნდა ახარებდეთ. აი, მე მაგალითად, ორი მიზანი მაქვს: მოსწავლე ბედნიერი იყოს ჩემს გაკვეთილზე (ნამდვილად არ მინდა გაკვეთილის დაწყებამდე ბავშვი ნერვიულობდეს და ჩემი ეშინოდეს), მეორე - ჩემი მოსწავლე, როდესაც სკოლას დაამთავრებს, უნდა იყოს მცოდნე, აუცილებლად მაჯობოს. არ ვიცი, რამდენად გამომდის, მაგრამ მე მაქსიმალურად ვცდილობ ამ ყოველივეს.
ფაქტობრივად, მე და ჩემი მოსწავლეები კოლეგები ვართ. რჩევებს მათ ხშირად ვეკითხები და რაც მთავარია, ვითვალისწინებ. ბავშვებს შეუძლიათ ძალიან სხარტად, გულწრფელად ისეთი რჩევები მოგცეთ, რომელთა შესახებ საერთოდ არ გიფიქრიათ. მსგავსი შემთხვევა ხშირად მქონია.
- ბავშვების მხრიდან გრძნობთ ასეთივე მეგობრულ და თბილ დამოკიდებულებას როგორიც თქვენ გაქვთ მათ მიმართ... და რაში გამოიხატება ეს?
- დიახ, მათ თბილ და მეგობრულ დამოკიდებულებას ყოველთვის ვგრძნობ და ცოტა მრცხვენია კიდეც, რადგან ძალიან საპასუხისმგებლოა. ეს დიდ მოტივაციას მაძლევს, რათა მომავალში უფრო მეტი და მეტი გავაკეთო. ბავშვების, როდესაც ასეთი დამოკიდებულება აქვთ ჩემ მიმართ ეს აუცილებლად უნდა გავამართლო.
- უშუალოდ თქვენს საგანზე რომ ვისაუბროთ... „21-ე საუკუნის ბავშვებს“ ინგლისური ენა, როგორც წესი ძალიან უყვართ, თქვენს სკოლაში როგორი მდგომარეობაა ამ მხრივ?
- ფაქტობრივად ინგლისური ენა უკვე მოთხოვნადი საგანია. სწორედ ამიტომ, უცხო ენის პედაგოგები დიდი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, რადგან მნიშვნელოვანი საინტერესოდ ჩავატაროთ გაკვეთილი. ბავშვს რომ ყველგან ინგლისური ესმის, ისეთი აქტივობები უნდა შევთავაზოთ, რომ არ მოჰბეზრდეს საგანი. ასევე, მეორე ფაქტორიცაა, რადგან უცხო ენაა ზოგიერთ მოსწავლეს ეშინია, ფრაზები არასწორად არ გამოთქვას და კომპლექსდება. ჩვენ აუცილებლად უნდა მოვუხსნათ ეს კომპლექსი და დავეხმაროთ. სწორედ სხვადასხვა საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა ეს შესაძლებელი.
- ბავშვებს ხშირად ბაღის ასაკიდანვე ასწავლიან უცხოურ ენებს, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მშობლიურ ენაზეც კი ვერ საუბრობენ გამართულად. საინტერესოა, ამასთან დაკავშირებით რას ფიქრობთ, რამდენად მიზანშეწონილია სკოლამდელი ბავშვებისთვის უცხოური ენების სწავლა?
- მაინცდამაინც სწორად არ მიმაჩნია ასეთი პატარისთვის უცხოური ენების სწავლა. ჯერ ბავშვმა მშობლიური ენა უნდა ისწავლოს დახვეწილად, უნდა იგრძნოს მისი „სუნი“, „გემო“, შეიგრძნოს კარგად და აი, შემდგომ შეისწავლოს სხვა ენები. ზოგადად, ადამიანმა, რაც შეიძლება მეტი ენა უნდა ისწავლოს, მაგრამ პირველ რიგში, მშობლიურ ენაზე უნდა იმეტყველოს გამართულად.
- კონკრეტულად რა სახის აქტივობებს სთავაზობთ მათ და როგორ რთავთ საგაკვეთილო პროცესში?
- ერთ-ერთი ძალიან საინტერესო და ენის ასათვისებლად მნიშვნელოვანია მოსმენის სავარჯიშოები. კონკრეტულ წიგნს თავისი მოსმენის დავალებები ახლავს, მაგრამ ვფიქრობ ეს დავალებები, სულ ერთი და იგივე მოსაწყენია. სწორედ ამიტომ, ვცდილობ, მათ გავუმრავალფეროვნო საგაკვეთილო პროცესი. მე ვიცი ჩემი მოსწავლეების ინტერესები, განწყობა, რა მოსწონთ, და არ მოსწონთ, რა აინტერესებთ და ა.შ. მაგალითად, ვირჩევ კონკრეტული სიმღერების ტექსტებს და მათი მოსმენის შემდეგ ვადგენ მოსმენის დავალებებს. ეს ძალიან მამოტივირებელია მოსწავლეთათვის. ასევე, სკოლის ეზოში ვთამაშობთ „კლასობანას“ დავალების მოსმენასთან ერთად, კონკრეტულ მოქმედებებს ვასრულებთ. ასევე მათ ვთავაზობ როლურ თამაშებს, ვაკეთებთ პრეზენტაციებს და სხვადასხვა პროექტზე ვმუშაობთ. ასევე, ბავშვებს აუცილებლად დამატებით სახელმძღვანელოებსა და კლასგარეშე საკითხავ ლიტერატურასაც ვთავაზობ. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ მათ ცოდნა ავუმაღლოთ და გავუმრავალფეროვნოთ.
- ქალბატონო ქეთევან, არაფორმალურ განათლებასთან დაკავშირებით რას ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია სკოლაში მისი დანერგვა და განვითარება?
- სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სკოლებში არაფორმალური განათლების დანერგვა. ჩვენ პირველ რიგში, მოსწავლეებს ვზრდით, ღირსეულ მოქალაქეებად. ვფიქრობ, სახელმწიფოს შენება საკლასო ოთახიდან იწყება. შესაბამისად, არაფორმალური განათლება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის მოიცავს ისეთ აქტივობებს, რომლებიც გაცილებით მეტად აინტერესებს მოსწავლეს და მოტივაციის მიმცემია, ვიდრე კონკრეტული საგანი. ბავშვები სხვადასხვა აქტივობის შესრულებისას როგორი ბედნიერები არიან ვერც წარმოიდგენთ. ამიტომ, ხშირად ვაწყობ კლასის საათს, სადაც მოსწავლეების საჭიროებებიდან გამომდინარე, არაფორმალური განათლების ფარგლებში, საინტერესო პროექტებს ვახორციელებ. ბავშვმა იცის, რომ თავისუფალია, ასეთ დროს, მას შეუძლია თამამად გამოხატოს მოსაზრება, გამოავლინოს საკუთარი თავი. ზოგადად, თავისუფალი ბავშვი ძალიან ბევრი რამის შემოქმედია.
აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენი სკოლის ბავშვები სხვადასხვა ინტელექტუალურ პროექტსა და აქტივობაში დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან. მაგალითად „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატში ისინი დიდი მონდომებით მონაწილეობდნენ.
- რომ გვიამბოთ, რა სახის გამოცდილება მიიღეს ბავშვებმა „ეტალონში“ მონაწილეობით და რა შესძინა მათ პროექტმა?
- მისი მეშვეობით, მოსწავლეებმა უამრავი ახალი უნარი შეიძინეს. მე, პირადად დიდი ხანია უკვე, „ეტალონთან“ შეხება მაქვს. თავდაპირველად „ეტალონის“ სატელევიზიო გადაცემის აქტიური მაყურებელი ვიყავი. ასევე, სკოლაში ვხელმძღვანელობდი ინტელექტუალურ კლუბს. ვატარებდით სხვადასხვა სახის ვიქტორინას. ჩემი ჩართულობით 2018 წლიდან ვმონაწილეობთ „ეტალონში“. სკოლის გუნდს ვხელმძღვანელობდი და ვამზადებდი აღნიშნული პროექტისთვის. ყველაზე კარგი შედეგი შარშან გვქონდა, სადაც ბავშვებმა შესაძლებლობები წარმოაჩინეს - ფინალში 3 მოსწავლე მოხვდა. მათგან 2 ოქროს ათეულის წევრი იყო, რაც ძალიან მახარებს.
ძალიან მომწონს „ეტალონის“ ფორმატი. საოცარი სამეული აქვს ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს დაწყვილებული - სკოლა-სამშობლო-ოჯახი. ყველა მოსწავლე ძალიან დაინტერესებულია. როგორც მოგახსენეთ, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ბავშვი ბედნიერი იყოს, სწორედ ამიტომ, ამ პროექტში მონაწილეობა მათ აბედნიერებთ, ძალიან უხარიათ. ისინი დგანან გამოწვევის წინაშე, სადაც გარკვეულ საგნებში მიღებული ცოდნა უნდა წარმოაჩინონ. „ეტალონი“ ტრამპლინი იქნება, რომელიმე მოსწავლის მომავალში წარმატებული საქმიანობისთვის.
როდესაც ხედავენ სხვა კლასების მოსწავლეთა მიღწევებს, სურვილი უჩნდებათ თავადაც მიაღწიონ წარმატებას. ბევრს სურს ცოდნის გამოვლენა პროექტებსა და აქტივობებში. ეს ძალიან მახარებს.
- რჩევა, რომელსაც ყოველთვის აძლევთ თქვენს მოსწავლეებს...
- ბავშვებს ყოველთვის ვეუბნები მიღებული ცოდნით ისიამოვნონ. ეს ძალიან დიდი ბედნიერება და სიმდიდრეა. მათ ვეუბნები, რომ მუდამ განვითარდნენ, რაც შეიძლება მეტი ისწავლონ, მიიღონ საჭირო ინფორმაციები და წინსვლა არ შეწყვიტონ. უნდა აღინიშნოს, რომ მე, ზოგადად მომწონს ჩემი მოსწავლეების დამოკიდებულება სწავლის მიმართ. ჩემთვის, როგორც პედაგოგისთვის ყველაზე საამაყო იყო ჩემი მოსწავლის მიღწევა - მან გაიმარჯვა საერთაშორისო FLEX-ის პროგრამის ტურნირში და ამერიკაში წავიდა სასწავლებლად.
- განათლების სისტემაზეც რომ გვესაუბროთ, მოგწონთ?
- ვიტყოდი იმას, რომ მაინცდამაინც იდეალური სახელმძღვანელოები არ გვაქვს. იდეალური ბევრი რამ შეიძლება არ იყოს, მაგრამ სწორად შერჩეული სახელმძღვანელოები აუცილებლად გვჭირდება. ვფიქრობ, ცოტათი ერთფეროვანია. ასევე უკეთესი იქნება თუ მეტად აკადემიური იქნება. ზოგიერთი დავალება ძალიან ჩახლართულია. ვფიქრობ მუხტი აკლია როგორც ჩვენ განათლების სისტემას, ასევე სახელმძღვანელოებს. მინდა მოსწავლეებმა ჩვენი მხრიდან იგრძნონ მხარდაჭერა იმისა, რომ მათი განათლებისა და მოტივაციისთვის ყველაფერს ვაკეთებთ.
- უშუალოდ ინგლისური ენის სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით რას გვეტყვით, რა მიმართულებითაა შესაცვლელი?
- აკადემიურობა აკლია. დაწყებით საფეხურზე გამარტივებულია სახელმძღვანელოები, თუმცა მაღალ კლასებში რთულდება და მოსწავლეს უჭირს თავის გართმევა. აი, ეს პროცესია დასახვეწი. უცებ მარტივიდან რთულზე გადასვლა რთულია და მისახედია. ძალიან დიდი სირთულე კი მოსწავლეს ინტერესს უკარგავს.
- საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, სკოლებში საბაზო საფეხური 9-ის ნაცვლად, 10-წლიანი გახდება, რაც გულისხმობს სავალდებულო განათლების ერთი წლით გახანგრძლივებას, ამასთან დაკავშირებით როგორია თქვენი მოსაზრება, ფიქრობთ, რომ ეს განათლების ხარისხზე აისახება?
- ჯერჯერობით ამაზე არ ვფიქრობ. ალბათ, უფრო პრაქტიკა გვიჩვენებს რეალურ შედეგებს. თუმცა, მოსწავლეებში სწავლის მოტივაციის გაზრდა მნიშვნელოვანია, რაზეც სამინისტრომ უნდა იზრუნოს. მხოლოდ მასწავლებელი და მოსწავლე ამას ვერ იზამს. ყველა, მთელი საზოგადოება უნდა დაგვეხმაროს ამაში. შეიძლება მოსწავლეები კლასში იყვნენ, მაგრამ ფიქრებით სხვაგან, ამიტომ თუ ეს 1 წელი მათ სწავლის მოტივაციას გაუზრდის, დააბრუნებს სკოლასა და მერხთან, მაშინ მოხარული ვიქნები. სწორედ ესაა ჩვენი მამოტივირებელი - ეს შევძლოთ.
- ბოლოს, რამდენიმე კვირაში უკვე ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება, რას ურჩევდით აბიტურიენტებს?
- პირველ რიგში, მათ ვეტყოდი, რომ დამშვიდდნენ, არ ინერვიულონ და მიზანზე კონცენტრირდნენ. ნასწავლი ცოდნის მობილიზებისთვის სიმშვიდის შენარჩუნებაა საჭირო. აუცილებლად უნდა გადახედონ კონკრეტული საგნის საკითხებს. საინტერესოა ჩვენი ერთიანი ეროვნული გამოცდები - მოსწავლე საკუთარ თავთან და ცოდნასთან პირისპირ რჩება. არაფერი ხელს არ უშლის და არსებული ცოდნის მობილიზაციისთვის ღელვა უნდა ჩამოიშორონ.