ახალციხის №5 საჯარო სკოლაში დამოუკიდებლობის 100 წლისთავი და ქართული ენის დღე ერთად აღნიშნეს
06-06-2018
ახალციხის №5 საჯარო სკოლის VIII დ კლასში (კლასის ხელმძღვანელი მაია თათეშვილი) ლიტერატურულ-მუსიკალური საღამო „ენა დედაა ერისა“ ჩატარდა, რომელიც ყველა ქართველისათვის ორ მეტად მნიშვნელოვან თარიღს-საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავსა და ქართული ენის დღეს მიეძღვნა.
მოსწავლეები ქართულ ენას მთელი ღონისძიების განმავლობაში დიდი სიყვარულითა და სითბოთი ეფერებოდნენ, ამავე დროს დიდი გულისტკივილით საუბრობდნენ იმ საშიშროებებზე, რომლებიც დღეს ქართულ ენას ემუქრება.
მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ ქართული ენა განძია, რომელიც წინაპრებმა შექმნეს და საუკუნეების განმავლობაში უზარმაზარი ადამიანური მსხვერპლის ფასად მოიტანეს.
მონაწილეებმა ცეკვები და სიმღერები შეასრულეს.
ღონისძიებას დირექციის წარმომადგენლები, მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები ესწრებოდნენ.