სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ეკის საჯარო სკოლაში მოსწავლეებს პატრიოტული სულისკვეთებით ზრდიან. სწორედ ამიტომ, სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე განსაკუთრებულად აღინიშნა.
ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში საინტერესო ღია გაკვეთილი ჩატარდა.
ისტორიის მასწავლებელმა მიმოიხილა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული და ეროვნული გმირის - მერაბ კოსტავას ცხოვრებისეული მოვლენები.
მან პრეზენტაციის სახით სკოლაში წარადგინა მერაბ კოსტავას შესახებ მცირე დოკუმენტური ფილმი.
აქტივობებში მოსწავლეებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი. მათ მოამზადეს კედლის გაზეთი ეროვნული გმირის ბიოგრაფიის შესახებ, სადაც ცოდნა და შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.
ბავშვებმა კიდევ ერთხელ გაიაზრეს რამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის დამოუკიდებლობა.
შეგახსენებთ, რომ 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ მიიღო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი და ჩამოაყალიბა დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა. სახელმწიფოს პოლიტიკური მმართველობის ფორმად აღიარეს დემოკრატიული რესპუბლიკა; შეიქმნა ევროპული ტიპის ქართული სახელმწიფოებრიობა, დემოკრატიული სისტემა.
იხილეთ ფოტოები: