3 ივლისიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება და ამ თარიღის მოახლოებასთან ერთად, აბიტურიენტები მეტად ნერვიულობენ. გართულდა თუ არა ტესტები და ელით თუ არა ცვლილებები? - აქტუალურ კითხვებს NAEC-ის ხელმძღვანელი, ნინო წერეთელი პასუხობს.
პირველი გამოცდა 3 ივლისს ჩატარდება - ეროვნულების საგამოცდო განრიგი საგნების მიხედვით
„ამ წუთის მდგომარეობით, სხვადასხვა საგამოცდო ცენტრში ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ვატარებთ, მზადდება საგამოცდო ბარათები, რომლებიც აბიტურიენტებს დროულად უნდა მიეწოდოს და 20 ივნისის შემდეგ შეძლებენ ამობეჭდვას.
აპლიკანტებმა რამდენიმე საკითხზე უნდა გაამახვილონ ყურადღება - საგამოცდო ბარათზე დატანილია ინფორმაცია ქალაქისა და საგამოცდო ცენტრის შესახებ; გარდა ამისა, ხშირად დაშვებულ შეცდომაზე გავამახვილებ ყურადღებას - ეს გახლავთ რეგისტრაციის დრო და ყველას ვთხოვ, არ დაიგვიანონ“, - განაცხადა ნინო წერეთელმა და დასძინა, რომ საგამოცდო ცენტრში აპლიკანტებმა უნდა მიიტანონ საგამოცდო ბარათი და პირადობის დამდასტურებელი დოკუმენტი.
NAEC-ის ხელმძღვანელმა ასევე განმარტა, ელით თუ არა ცვლილებები გამოცდებზე აპლიკანტებს:
„არანაირი სიახლე წელს არ გვაქვს, იგივე ფორმატში, რაც შარშან იყო, ჩატარდება გამოცდები... რაც შეეხება ტესტებს, რა თქმა უნდა ცვლილებები გვაქვს, რათა არ დაიშტამპოს ტესტები და სამართლიანად, ობიექტურად გაიზომოს, არის თუ არა მზად აბიტურიენტი უმაღლესი განათლების მისაღებად“.