განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა, პარლამენტში მოხსენების წარდგენისას, სკოლამდელ განათლებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიმდინარე რეფორმის ფარგლებში გადამუშავდა და დამტკიცდა „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტები“ - განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის ინკლუზიურობას და ხარისხის გაუმჯობესებას.
„საგანმანათლებლო სტანდარტების გადამუშავება ციკლური პროცესია და ეფუძნება როგორც საერთაშორისო ტენდენციებს, ასევე ეროვნულ საჭიროებებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებში მიმდინარე პროცესებზე დაკვირვებას და არსებული კვლევის შედეგებს. ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციისთვის მოსამზადებელმა სამუშაოებმა ზედაპირზე ამოიტანა სფეროს განვითარების საჭიროებები.
განახლებულ სტანდარტში გაძლიერებულია ბავშვის სოციო-ემოციური უნარების განვითარებასთან, ინკლუზიურ განათლებასთან, სხვადასხვა ენობრივი საჭიროების მქონე ბავშვების მომსახურებასთან, ფიზიკური გარემოს მოწყობასთან დაკავშირებული მოთხოვნები.
ხარისხიან სკოლამდელ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით მიმდინარეობს დივერსიფიცირებული სკოლამდელი განათლების მოდელებზე მუშაობა, რაც გულისხმობს საჭიროებებზე მორგებული მომსახურებების განვითარებას როგორც ურბანული დასახლებების მრავალრიცხოვანი ჯგუფების განტვირთვის, ისე მაღალმთიანი რეგიონების მცირეკომლიანი და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული მუნიციპალიტეტებისთვის“, - აღნიშნა მინისტრმა.