ზურაბ ეფძის სახელობის, სოფელ ჩხუტელის საჯარო სკოლაში I და IV კლასების მოსწავლეთა შთამბეჭდავი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებით I კლასელებმა სასწავლო წლის წარმატებით დასრულება და ანბანის „გაცილება“ აღნიშნეს, ხოლო IV კლასელებმა კი შემდგომ საფეხურზე გადასვლა.
აღსანიშნავია, რომ წელს მე-4 კლასელები პირველ პედაგოგს ემშვიდობებიან, სწორედ ამიტომ ეს დღე მათთვის განსაკუთრებულად ემოციური იყო.
მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს. მე-4 კლასელებმა კი პირველ პედაგოგს მათ განათლებაში ჩადებული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს.
სკოლის მცირე კონტინგენტის გამო, აღნიშნულ ღონისძიებაში, ჩართულნი იყვნენ უფროსკლასელებიც.
„თანამშრომლობამ, პასუხისმგებლობამ და ამაღლებულმა პათოსმა შედეგი გამოიღო - იყო საერთო სიხარული და ურთიერთპატივისცემა. ეს კი შემდგომი წინსვლის და მოტივაციის გარანტია“, - აღნიშნავენ სკოლაში.
სასკოლო ღონისძიების ორგანიზატორი და ხელმძღვანელი მედიკო ღოღელიანი გახლდათ, ხოლო მუსიკალურად ზეიმი მზევინარ მეშველიანმა გააფორმა.
ეს დღე ემოციური და შთამბეჭდავი აღმოჩნდა იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.
იხილეთ ფოტოები: