ვაკიჯვრის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე საგანმანათლებლო პროექტში მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკიჯვრის საჯარო სკოლის მოსწავლეები, დირექციისა და პედაგოგთა მხარდაჭერით სხვადასხვა პროექტში დიდი მონდომებით ერთვებიან.
მათ შორისაა მე-11 კლასის მოსწავლე მარიამ სიამაშვილი, რომელიც პროექტში: „ჩემი კუთხის უცნობი ისტორია“ წარმატებით მონაწილეობდა.
ემოციებით, შთაბეჭდილებებითა და მომავლის იმედით დატვირთული ღონისძიება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრში ჩატარდა, რომლის ფარგლებში განხორციელდა პროექტი: „ჩემი კუთხის უცნობი ისტორია“.
ოზურგეთის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეებმა, პროექტის ფარგლებში, მოიძიეს შთამბეჭდავი მასალები საკუთარი ქალაქის, სოფლის, კუთხის, უბნისა და საინტერესო ადამიანების შესახებ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, დამსწრე საზოგადოება, წარმოდგენილი ნაშრომებით, ბევრ ნიჭიერ, მოაზროვნე მოსწავლეს გაეცნო.
პროექტში მონაწილე, ვაკიჯვრის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე მარიამ სიამაშვილმა (ფასილიტატორი მარინა კუტუბიძე) გადაწყვიტა მოეთხრო ადამიანზე, რომელმაც თავისი პროფესიონალიზმით, პაციენტებისადმი უჩვეულო, განსხვავებული დამოკიდებულებითა და გულისხმიერებით დაამახსოვრა თავი არა მარტო სოფელს, არამედ ფართო საზოგადოებას. ეს გახლდათ ექიმი მიხეილ ბოლქვაძე.
„მარიკო შეეცადა გაეცოცხლებინა მიშა ექიმის (ასე ეძახდნენ სოფელში) განვლილი ცხოვრების გზა. თუ როგორ მოახერხა ამ მეტად რთული მისიის შესრულება ჩვენმა გამორჩეულმა მოსწავლემ, ფილმიდან შეიტყობთ. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ მას“, - გვიყვებიან სკოლაში.
ღონისძიებაში მონაწილე მოსწავლეებს დიპლომები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
სკოლაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრს, ამ საინტერესო პროექტის განხორციელებისთვის მადლობას უხდიან.
იხილეთ ფოტოები: