ლამაზი ღონისძიება და კიდევ ერთი თაობის ზერ-ზეიმით გაცილება - ზინობიანის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი ემოციურად დაგვირგვინდა
17-06-2024

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზინობიანის საჯარო სკოლაში ყოველი სასწავლო წლის დასასრული ემოციურია, სკოლაში არაერთი წარმატებული თაობა აღზრდილა, რომელთან გამომშვიდობებაც პედაგოგებისთვის დიდ სიხარულთან ერთად, სევდანარევია. 

წელს, 13 ივნისს გაიმართა 2024 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები „ბოლო ზარის“ ღონისძიება, რომელიც დატვირთული იყო სახალისო სკეჩებით, სიმღერებითა და ცეკვებით.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ეს დღე ყოველთვის სევდიანია, ყველას ისეთი შეგრძნება აქვს, თითქოს საყვარელ შვილს შორეულ მოგზაურობაში აგზავნის. სკოლა დაემშვიდობა საუკეთესო მოსწავლეებს: ანა ზანდარაშვილს, ლიზი ფოლადაშვილს, მარიამ კაკულაშვილსა და ლიზი ჯავარაშვილს

სკოლის დირექტორმა - მაია კოშმატაშვილმა, ანა ზანდარაშვილი და ლიზი ფოლადაშვილი წარმატებული სწავლისთვის სპეციალური სერტიფიკატებით დააჯილდოვა, ქების სიგელები გადაეცათ მარიამ კაკულაშვილსა და  ლიზი ჯავარაშვილს. კლასის დამრიგებელს- შორენა შიშმანაშვილს, რომელიც სკოლამ 2024 წლის პედაგოგად დაასახელა, გადაეცა სპეციალური სერტიფიკატი საუკეთესო პედაგოგობისათვის

სკოლაში ემოციებით გვიყვებიან, რომ მოსწავლეებს გამოსამშვიდობებელი და სამადლობელო სიტყვებით ცრემლებშეკავებულებს სურდათ, რაც შეიძლება მეტი სითბო და სიყვარული გამოეხატათ საყვარელი პედაგოგების მიმართ.

ღონისძიებაზე მიწვეული გახლდათ ყვარლის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ქეთევან ჭიპაშვილი. მას პედაგოგებმა მადლობა გადაუხადეს მობრძანებისთვის და მრავალი წლის მანძილზე სკოლისა და პედაგოგებისადმი გამოჩენილი მხარდაჭერის, მეგობრობისა და თანადგომისათვის გადასცეს სპეციალური სერტიფიკატი.

ღონისძიებაზე სასკოლო საზოგადოებამ ერთმანეთს ბევრი სითბო და სიხარული აჩუქა და გზა დაულოცა სკოლის 2024 წლის კურსდამთავრებულებს.

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 








 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203