მასწავლებელთა ახალი სახელფასო ფორმულა ცნობილია - განათლების სამინისტროს ინფორმაციით, დღეს სისტემაში დაახლოებით 52 000-ზე მეტი პედაგოგია და მათგან საშუალოდ 500 ლარით ხელფასი ეზრდება - 21 000-მდე მასწავლებელს; 600 ლარით - 8000-მდე; 700 ლარით - 5000 -მდე; 800 ლარით - 3000 - მდე პედაგოგს, რაც ჯამში მასწავლებელთა 70%-ზე მეტს შეადგენს.
ცნობილია ასევე, რომ დაახლოებით 25 პროცენტამდე მასწავლებელს ხელფასი 300-დან 400 ლარამდე ეზრდება. მინიმუმ 200-ლარიანი მატება, მცირე საათობრივი დატვირთვის შემთხვევაშიც კი, შეეხება აბსოლუტურად ყველა პედაგოგს. ასეთია დაახლოებით მასწავლებელთა 5%.
გარდა ამისა, სამინისტროს ინფორმაციით, იწყება მუშაობა კარიერული სქემის განვითარებაზე. ამ მიზნით საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში იქმნება სპეციალური ინკლუზიური კომისია ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით. საერთაშორისო გამოცდილებასა და ადგილობრივ კვლევებზე დაფუძნებულ გაუმჯობესებულ მოდელს სამუშაო ჯგუფი მიმდინარე წლის ბოლომდე შეიმუშავებს.