რცხილათის საჯარო სკოლიდან საბაზო საფეხურის ერთადერთი კურსდამთავრებული ემოციური და დაუვიწყარი ღონისძიებით გააცილეს 
18-06-2024

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ რცხილათის საჯარო სკოლიდან საბაზო საფეხურის ერთადერთი კურსდამთავრებული მარიამ პაიკიძე დიდი სიყვარულით გააცილეს. 

რცხილათის საჯარო სკოლა საბაზოა, ამიტომ მოსწავლე, მე-9 კლასის დასრულების შემდგომ სკოლას დაემშვიდობა. როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მან წარმატებით (10 ქულაზე) დაასრულა საბაზო სკოლა. ის სწავლას სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში განაგრძობს.

ამ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, მოსწავლემ საყვარელ პედაგოგებს მის განათლებაში ჩადებული შრომისთვის მადლობა გადაუხადა.

ღონისძიება არაერთ აქტივობას მოიცავდა. ეს დღე განსაკუთრებული და დაუვიწყარი იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის, რაც როგორც სკოლაში აღნიშნავენ, სკოლის დირექტორის - ხათუნა გამეზარდაშვილის დამსახურება გახლდათ. 

„ამ დღეს ახლდა ბევრი გულწრფელი ცრემლი, ემოცია და დიდი სიყვარული. ჩვენ სკოლაში სუფევს საოცარი ერთობა და ურთიერთობა. ეს ჩვენი საოცარი დირექტორის ხათუნა გამეზარდაშვილის დამსახურებაა“, - გვიყვებიან სკოლაში.

აღნიშნულ ღონისძიებას პედაგოგი ლელა მესხორაძე დირექტორისა და მასწავლებლების მხარდაჭერით ხელმძღვანელობდა.

ამ ღონისძიებაში, ასევე მეოთხეკლასელებიც იყვნენ ჩართულნი. ეს დღე მათთვისაც განსაკუთრებულად ემოციური იყო, რადგან ისინი წელს პირველ მასწავლებელს დაემშვიდობნენ.

მათ, აღნიშნულ დღეს, დედაენას მიუძღვნეს უამრავი ლექსი და სიმღერა.

ეს დღე გამორჩეული და ძალიან ემოციური იყო. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203