თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხიკვთას საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ წელს I-IV-IX კლასებში თითო მოსწავლე იყო. თუმცა, როგორც სკოლაში აღნიშნავენ პედაგოგთა მხარდაჭერით სასწავლო წლის მანძილზე მათ სწავლის მოტივაცია არ დაუკარგავთ.
„განსხვავებული და ოდნავ სევდანარევი ისტორია აქვს ერთმოსწავლიან კლასს, თუმცა კლასის ხელმძღვანელების აქტიურობით თითოეულ მოსწავლეს მხიარული მოგონებები გავატანეთ სკოლის კედლებიდან“, - გვიყვებიან სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ სკოლა საბაზოა, სწორედ ამიტომ, საბაზო საფეხურის კურსდამთავრებული სკოლიდან დიდი სიყვარულით გააცილეს. მე-9 კლასის დასრულების შემდგომ ის სწავლას სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში განაგრძობს.
მე-9 კლასელმა საყვარელ პედაგოგებს მის განათლებაში ჩადებული შრომისა და გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა. მასწავლებლებმა და დირექციამ კი მას, ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებები უსურვა.
ეს დღე ემოციური და დაუვიწყარი იყო.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: