საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე განათლების მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა. დოკუმენტი არეგულირებს საჯარო სკოლების მასწავლებელთა, ასევე სპეციალურ მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალურ ოდენობას და პირობებს.
დოკუმენტში დეტალურადაა გაწერილი, როგორ აუნაზღაუდებათ პედაგოგებს ხელფასი სტაჟის, სტატუსისა და საგაკვეთილო საათების მიხედვით.
მასწავლებლის შრომის ანაზღაურების სქემა ითვალისწინებს:
ა) მასწავლებლის თანამდებობრივი სარგოს გაანგარიშებას შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
ა.ა) მასწავლებლის განათლება და კვალიფიკაცია;
ა.ბ) ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლეს საგანმანათლებლო და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა (შემდგომ – სამუშაო სტაჟი);
ა.გ) სამუშაო დატვირთვა;
ბ) მასწავლებლის თანამდებობრივ სარგოზე დანამატების გაანგარიშებას შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
ბ.ა) სამუშაოს სპეციფიკა:
ბ.ა.ა) კლასკომპლექტი;
ბ.ა.ბ) არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებზე ქართული ენის (არაქართულენოვანი სკოლებისთვის/სექტორებისთვის), საქართველოს ისტორიისა და საქართველოს გეოგრაფიის სწავლება;
ბ.ა.გ) კლასის დამრიგებლობა;
ბ.ბ) სკოლის მაღალმთიან დასახლებაში მდებარეობა;
ბ.გ) წამყვანი მასწავლებლის და მენტორი მასწავლებლის ფუნქციის შესრულება.