მასწავლებელთა ახალ სახელფასო ფორმულასთან დაკავშირებით გაჩენილ კითხვებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო პასუხობს. უწყებამ სოციალურ ქსელში გაავრცელა ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ
ხშირად დასმული კითხვა #1.
არის თუ არა ისქულის მონაცემი ვალიდური?
პასუხი: არა. ისქულის ბაზაში არ არის ასახული ახალი ხელფასი. ახალი წესით დაანგარიშებული ხელფასები აისახება 5 ივლისს.
ხშირად დასმული კითხვა #2.
თუ 2 წლის განმავლობაში არ დავადასტურე კომპეტენცია იმ საგნობრივი ჯგუფის საგნებში, რომელსაც შეთავსებით ვასწავლი, მერე რა ხდება?
პასუხი: 2 წლის მანძილზე ანაზღაურება მოგეცემათ გაზრდილი ხელფასით ყველა იმ საგნობრივი ჯგუფის საგნებზე, რომლებსაც ასწავლით, დადასტურებულზეც და დაუდასტურებელზეც. 2 წლის მანძილზე უნდა დაადასტუროთ კომპეტენცია. თუ კომპეტენციას ვერ დაადასტურებთ, დაუდასტურებელი საგნების საათებში მოგეცემათ ძველი წესით დაანგარიშებული ხელფასი (როგორც პრაქტიკოსი და მაძიებელი მასწავლებლისთვის).
ხშირად დასმული კითხვა #3.
თუ ახალი სახელფასო სისტემით დაანგარიშებისას მაკლდება 60 ლარი, რა ხდება ამ დროს?
პასუხი: ამ შემთხვევაში შეგინარჩუნდებათ ძველი ხელფასი და დამატებით კიდევ მოგეცემათ 200 ლარი. ამ გაზრდილ თანხას მიიღებთ საშვებულებო ანაზღაურების დროსაც - ივლისის და აგვისტოს თვეების.
ხშირად დასმული კითხვა #4.
თუ ახალი სახელფასო სისტემით დაანგარიშებისას მემატება მხოლოდ 35 ლარი, ეს არის ჩემი მატება?
პასუხი: ყველას უნდა გაეზარდოს მინიმუმ 200 ლარით, შესაბამისად, თქვენ კიდევ 165 ლარი დაგემატებათ. აქედან გამომდინარე, საშვებულებო პერიოდშიც მიიღებთ 200-ლარიან ნამატს ივლისის თვის და 200-ლარიან ნამატს აგვისტოს თვის.
ხშირად დასმული კითხვა #5.
როგორ გაიცემა საშვებულებო ანაზღაურება - ახალი წესით თუ ძველი წესით?
პასუხი: საშვებულებო ანაზღაურება, ივლისის და აგვისტოს თვის, გაიცემა ახალი სახელფასო სისტემით. თუ ნამატი, ძველ ხელფასთან შედარებით, მინიმუმ 200 ლარი არ არის, ამ შემთხვევაში ორივე თვეზე 200-200 ლარიანი დანამატი გათვალისწინებულია.
ხშირად დასმული კითხვა #6.
დანამატს მხოლოდ ერთ სკოლაში ავიღებ?
პასუხი: დანამატი (წამყვანი - 150 ლარი, მენტორი - 300 ლარი) გაიცემა ყველა სკოლაში, სადაც ასწავლით, 2 წლის განმავლობაში.
ხშირად დასმული კითხვა #7.
მაქვს 7 საათი, სკოლაში მეტი საათი არ არის. ვარ მენტორი და ვიღებდი 2023 ლარს. ვიცი, რომ ახალი ხელფასით აქცენტს აკეთებთ საათებზე და გამომდის 1011 ლარი. რომელი თანხა მომეცემა?
პასუხი: 2 წლის განმავლობაში გინარჩუნდებათ 2023 ლარი და დამატებით გეძლევათ 200 ლარი. ასევე, 1 ივლისიდან, საშვებულებო პერიოდშიც მოგეცემათ როგორც 2023 ლარი, ასევე დამატებით 200 ლარი, ცალკე ივლისის და ცალკე აგვისტოს თვის.
ხშირად დასმული კითხვა #8.
ვარ წამყვანი მასწავლებელი, ვასწავლი 4 მცირეკონტინგენტიან სკოლაში. არსად არ არის ბევრი საათი და მცირე საათებზე ვიღებდი სრულ დანამატს ყველა სკოლაში. ახლა ეს დანამატები მომეხსნება? და თან ყველა სკოლაში ვერ ავიღებ?
პასუხი: 2 წლის განმავლობაში გინარჩუნდებათ ძველი ანაზღაურება ყველა სკოლაში და დამატებით ოთხივე სკოლაში გეძლევათ 200-200 ლარი. შესაბამისად, ჯამურად თქვენ იმ ხელფასს, რომელსაც ახლა იღებთ 800 ლარი ემატება. ეს გაზრდილი ანაზღაურება მოგეცემათ 1 ივლისიდან, საშვებულებო პერიოდშიც, როგორც ივლისის ასევე აგვისტოს თვეში.
ხშირად დასმული კითხვა #9.
დანამატი რომ მქონდა 1475 ლარი, ის დამაკლდა და გახდა 300 ლარი?
პასუხი: სამჯერ გაიზარდა საათობრივი დატვირთვის ანაზღაურება, რამაც ძირითადად მოიცვა როგორც ძველი დანამატები ასევე საბაზო ხელფასი. 300 ლარიანი დანამატი აღარ არის მიბმული საათებზე და გაიცემა ფიქსირებულად. აქვე განმარტავთ, რომ დაკლება არავის არ შეხებია, პირიქით 200 ლარიანი მატება ყველა მასწავლებელს შეეხო, მიუხედავად საათებისა.
ხშირად დასმული კითხვა #10.
უფროსის დანამატი საერთოდ გააქრეთ?
პასუხი: სამჯერ გაიზარდა საათობრივი დატვირთვის ანაზღაურება, რამაც ძირითადად მოიცვა როგორც ძველი დანამატები ასევე საბაზო ხელფასი. ეს იყო მასწავლებელთა მრავალწლიანი მოთხოვნა. მაგალითად, უფროსი მასწავლებლის ანაზღაურება 18 საათზე (სტაჟის და კვალიფიკაციის გარეშე) შეადგენდა საბაზო ხელფასს დამატებული უფროსის დანამატი (405 + 795) 1200 ლარს. ახალი სახელფასო სისტემით კი 18 საათზე შეადგენს - 1790 ლარს.
ხშირად დასმული კითხვა #11.
2015 წლიდან 2018 წლამდე მენტორ მასწავლებელს რომ 700 ლარით გაეზარდა დანამატი, წამყვანს - 450 ლარით და უფროსს 160 ლარით, ეს მაშინ სამართლიანი იყო? გაგეზარდათ ახლაც მხოლოდ უფროსი მასწავლებლის დანამატი და გათანაბრდებოდა ეს სხვაობები.
პასუხი: ახალი სახელფასო სისტემა ახალ ლოგიკაზეა აწყობილი - თანამდებობრივი სარგოს ძირითადი წილი გადმოვიდა საათობრივ დატვირთვაზე. შესაბამისად, ახალი სახელფასო პოლიტიკით, ასეთი სხვაობა აღარ ფიქსირდება.
ხშირად დასმული კითხვა #12.
აღარ არის პრიორიტეტული მასწავლებლის განვითარებაზე ზრუნვა?
პასუხი: მასწავლებლის პროფესიული განვითარება მისი ყოველდღიური მუშაობის ნაწილია. პროფესიული განვითარება ევალება ყველა მასწავლებელს მიუხედავად სტატუსისა. სისტემაში რჩება წინსვლის შესაძლებლობა იმ მასწავლებლებისთვის, ვისაც სურთ კარიერული წინსვლა და დამატებითი ფუნქციების შეთავსება.
ხშირად დასმული კითხვა #13.
როდის ჩამერიცხება საშვებულებო ანაზღაურება?
პასუხი: საშვებულებო ანაზღაურება, ორი თვის - ივლისის და აგვისტოს თვის, ირიცხება ივლისის პირველ ნახევარში. შესაბამისად, გაზრდილი ანაზღაურება ყველა მასწავლებელს 15 ივლისამდე ჩაერიცხება.
ხშირად დასმული კითხვა #14.
ახალ ბრძანებაში ორი დანართია, ერთში ჩანს ახალი დანამატები, მეორეში ჩანს ძველი დანამატები. რომელი დანართით უნდა ვიხელმძღვანელოთ?
პასუხი: ბრძანებაში პირველი დანართით განსაზღვრულია ახალი სახელფასო პოლიტიკა, რითაც მასწავლებლები გაზრდილ ანაზღაურებას ივლისიდან მიიღებენ. მეორე დანართში უცვლელად არის გადმოტანილი ძველი სახელფასო სისტემა, ორი მიზნით:
• მოხდეს ძველი და ახალი სისტემით ანაზღაურებების შედარება
• პრაქტიკოსმა და მაძიებელმა მასწავლებლებმა შეძლონ ანაზღაურების გამოთვლა.
ხშირად დასმული კითხვა #15.
ვმუშაობ ორ სკოლაში. ახალი ფორმულით გამეზარდა 417 ლარით, ხოლო მეორე სკოლაში მომაკლდა 92 ლარი. მეორე სკოლაში ასეთი დანაკლისით ავიღებ?
პასუხი: თქვენს შემთხვევაში, პირველ სკოლაში აიღებთ გაზრდილ 417 ლარს, ხოლო მეორე სკოლაში შეგინარჩუნდებათ ძველი ხელფასი და დამატებით კიდევ მოგეცემათ 200 ლარი. შესაბამისად, ჯამური მატება 617 ლარი გექნებათ.
ხშირად დასმული კითხვა #16.
უსტატუსო და პრაქტიკოს მასწავლებლებს არ ემატებათ ხელფასი?
პასუხი: ახალი სახელფასო სისტემით ხელფასი გაეზარდათ მხოლოდ სტატუსიან მასწავლებლებს, ვინაიდან საგნობრივი კომპეტენციის დადასტურება არის ის მინიმუმი, რომელიც საფუძვლად უნდა დაედოს სკოლებში ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფას.
ხშირად დასმული კითხვა #17.
იანვრიდან გასული ვარ დეკრეტულ შვებულებაში და მიწევს გამოსვლა 17 ივლისს. როგორ ავიღებ აგვისტოს თვის შვებულებას?
პასუხი: ვინაიდან ახალი სახელფასო სისტემა ძალაში შედის 1 ივლისიდან, დეკრეტიდან გამოსვლის შემდეგ აგვისტოს თვის საშვებულებო მოგეცემათ გაზრდილი ანაზღაურებით იმ საათების შესაბამისად, რომლებიც გქონდათ დეკრეტულ შვებულებაში გასვლამდე.
ხშირად დასმული კითხვა #18.
მაისის თვეში გავედი დეკრეტულ შვებულებაში, გაზრდილი ანაზღაურება შემეხება?
პასუხი: ახალი სახელფასო სისტემა ძალაში შედის 1 ივლისიდან, შესაბამისად, თუ თქვენ მაისის თვეში გახვედით დეკრეტულ შვებულებაში, ანაზღაურება ძველი წესით დაგიანგარიშდებათ.
ხშირად დასმული კითხვა #19.
მინისტრის ბრძანებაში მითითებული ცხრილის მიხედვით 1 საათის ანაზღაურებაში სტაჟის და კვალიფიკაციის დანამატიც ითვლება, თუ მხოლოდ საათობრივი?
პასუხი: ცხრილში მითითებულია საათობრივი განაკვეთი და შესაბამისი ანაზღაურება თვის განმავლობაში. მითითებულ თანხებს ინდივიდუალურად უნდა დაემატოს მასწავლებლის სტაჟის და კვალიფიკაციის განაკვეთი.
ხშირად დასმული კითხვა #20
როგორ მოხდება ხელფასის დაანგარიშება ზაფხულში?
პასუხი: 1 ივლისიდან ყველა მასწავლებელს მიეცემა 2 თვის - ივლისის და აგვისტოს გაზრდილი საშვებულებო ანაზღაურება ახალი წესის შესაბამისად.
ხშირად დასმული კითხვა #21.
ვარ დაწყებითის მასწავლებელი, წამყვანი, მაქვს 13 საათი. ახალი ფორმულით ხელფასი მაკლდება. რა ვქნათ დაწყებითის მასწავლებლებმა, როცა მეტი საათი არ არის?
პასუხი: გარდამავალ 2-წლიან პერიოდში, ყველა მასწავლებელს გინარჩუნდებათ ძველი ანაზღაურება და დამატებით კიდევ გეძლევათ 200 ლარი. ამასთანავე, როგორც იცით, სისტემაში მიმდინარეობს მუშაობა ეროვნულ სასწავლო გეგმაზე, პროფესიული განვითარების სქემაზე, სხვადასხვა პროგრამაზე, რომელიც გაითვალისწინებს სკოლების და კონკრეტული საგნების სპეციფიკას.
ხშირად დასმული კითხვა #22.
ვარ სპეციალური მასწავლებელი. მყავს 6 მოსწავლე. აზრი აქვს თუ არა, რომ წამყვანის სტატუსი მოვიპოვო ამ ვითარებაში.
პასუხი: სპეციალურ მასწავლებელს, რომელსაც ჰყავს 6 მოსწავლე ძველი წესით გამოსდიოდა 1343 ლარი, ხოლო ახალი წესით დათვლის შემთხვევაში 1875 ლარი. იმ შემთხვევაში, თუ მოიპოვებთ წამყვანის სტატუსს დამატებით მიიღებთ 150 ლარს.
ხშირად დასმული კითხვა #23
ვარ მენტორი მასწავლებელი, ჩემ ხარჯზე ემატება უფროს მასწავლებლებს?
პასუხი: ყველა მასწავლებელს, სტატუსის და საათების მიუხედავად, ახალი სახელფასო სისტემით ანაზღაურება ეზრდება მინიმუმ 200 ლარით, ხოლო მეტი ზრდა მიბმულია მეტ დატვირთვასთან. შესაბამისად, არავის ხარჯზე არც გაზრდილა და არც შემცირებულა ხელფასი. უკლებლივ ყველას გაეზარდა ხელფასი მინიმუმ 200 ლარით, მეტი ზრდა კი დამოკიდებული გახდა მეტ საათობრივ დატვირთვაზე.