„მარიამ გოროზიას პირველი ნაბიჯი სამწერლო ასპარეზზე“ - დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა მინი-რომანი გამოაქვეყნა 
24-06-2024

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა მარიამ გოროზიამ მინი-რომანი - „ორი გრძნობა“ დაწერა და ამით, როგორც სკოლაში დიდი სიხარულით ამბობენ, სამწერლო ასპარეზზე პირველი ნაბიჯი გადადგა. 

მინი-რომანი თანამედროვე ლიტერატურული ტენდენციაა და კლასიკოსების თხზულებათაგან იმით გამოირჩევა, რომ მწერალი მეორეხარისხოვანი ამბებისა და პერსონაჟების აღწერას მხოლოდ მცირე ადგილს თუ უთმობს და მთავარი სათქმელისკენ წიაღსვლების გარეშე მიდის.

სწორედ ამგვარი სტილითაა დაწერილი მარიამის ნაწარმოები. აღსანიშნავია, რომ მინი-რომანები ნიშანდობლივია თანამედროვეობის ისეთი გამოჩენილი მწერლების შემოქმედებისთვის, როგორებიც არიან: პატრიკ მოდიანო, პეტერ ჰანდკე, ანი ერნო და სხვ. 

სკოლაში მარიამის შემოქმედებითი ხედვა, მისი ინტერესი ლიტერატურისა და წერისადმი ძალიან ახარებთ, მის ნამუშევარსაც დადებითად აფასებენ და წინსვლას უსურვებენ. 

„მარიამი ირჩევს ფსიქოლოგიური და აღწერითი სტილის სინთეზს - გადმოსცემს როგორც პერსონაჟების აზრებს, ემოციებს და  განცდებს, ისე საგნებისა და მოვლენების აღწერას. ავტორი ნათლად გადმოსცემს სათქმელს, ყოველგვარი „ლაბირინთების“ გარეშე, ლექსიკური ქსოვილი დახვეწილია, რაც  უთუოდ მიიპყრობს მკითხველის ყურადღებას, პერსონაჟები  თავიანთი პიროვნებისთვის დამახასიათებელი ენით მეტყველებენ, დაცულია ფსიქოლოგიური სიმართლე, მაგალითად, პროტაგონისტი სასიყვარულო კრიზისის დროს განერიდება სტრესულ გარემოს. ნაწარმოების თემა კი მარად აქტუალურ პრობლემას - სიყვარულს ეხება. აღსანიშნავია, რომ ეს თემა მანამდე იქნება შემოქმედთა თვალსაწიერში მოქცეული, ვიდრე მას საბოლოოდ არ გადაჭრის კაცობრიობა, როგორც პრობლემას“, - ასე აფასებენ მარიამის ნამუშევარს სკოლაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203