უშანგი სოფრომაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის საჯარო სკოლის საზოგადოება პედაგოგ ნანა ისაკაძეს გლოვობს.
სკოლაში მას იხსენებენ, როგორც პროფესიონალიზმით გამორჩეულ მასწავლებელს, რომელსაც შეეძლო შეეცვალა სამყარო. მისი გარდაცვალება დიდი დანაკლისია არა მხოლოდ ოჯახისთვის, მოსწავლეებისა და მეგობრებისთვის, არამედ სრულიად საქართველოსთვის.
„ნანა მასწავლებლის ხსოვნას
კიდევ ერთხელ ჩამოჰკრა გლოვის ზარმა ძევრის საჯარო სკოლაში. სკოლის პედაგოგთა რიგებს გამოაკლდა ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგი ნანა ისაკაძე.
ერთ წიგნს, ერთ კალამს, ერთ ბავშვს, ერთ მასწავლებელს შეუძლია შეცვალოს სამყარო, სწორედ ასეთი იყო ნანა მასწავლებელი. იგი დააკლდა არა მარტო ოჯახს, არამედ სამშობლოს, აღზრდილებს, აღსაზრდელებსა და მის მეგობრებს, წავიდა და თან წაიღო მისთვის სალოცავ ხატად ქცეული პედაგოგიური ენთუზიაზმი.
ნანა მასწავლებელი იმ წარმატებული პედაგოგების რიგებში იდგა, რომლებიც ძევრის სკოლის აღსაზრდელებს ერის სასიქადულო მამულიშვილებად ზრდიან. იგი გამორჩეული იყო კეთილგონიერებით, საქმისადმი პასუხისმგებლობითა და პროფესიონალიზმით. წინ კიდევ უამრავი წარმატებული გზა იყო გასავლელი, მაგრამ ვაი, რომ არ დასცალდა, უკურნებელმა სენმა შთანთქა ახალგაზრდა, მებრძოლი სული.
ადამიანები სიკვდილმისჯილნი იბადებიან, მაგრამ ყველას ერთნაირად როდი ჰკლავს ღმერთი: ზოგის სახელი სიკვდილთან ერთად ჰქრება, ზოგის კი შარავანდედით იმოსება, ნანა მასწავლებელს უკვდავება ერგო წილად!
მსუბუქი იყოს ნანა მასწავლებლის გულზე დაყრილი მშობლიური ქვეყნის მიწა. ჩვენ ისღა დაგვრჩენია უფალს შევავედროთ მარადისობაში წასული მისი კეთილი სული“,- ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ სამძიმრის წერილში.
„ეტალონის“ გუნდი უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და სკოლას და ღრმა სინანულს გამოთქვამს ასეთი ღირსეული პიროვნების გარდაცვალების გამო.