გურამ ქარქაშაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითის საჯარო სკოლა ღვაწლმოსილ პედაგოგს - დოდო ტყეშელაშვილს გლოვობს.
დოდო ტყეშელაშვილი არაერთი წელი ღირსეულად ემსახურა მომავალი თაობების აღზრდის კეთილშობილურ საქმეს.
სასკოლო საზოგადოებისთვის მისი გარდაცვალება დიდი დანაკლისია. მას სკოლაში ახასიათებენ, როგორც ბავშვებზე, საკუთარ საქმეზე უზომოდ შეყვარებულ მასწავლებელს, საუკეთესო კლასის ხელმძღვანელს, რომელსაც პატივს სცემდნენ, აფასებდნენ და უყვარდათ. თავადაც მთელი ცხოვრების მანძილზე სიყვარულს თესავდა.
„ღვანკითის საჯარო სკოლა კიდევ ერთ პედაგოგს ემშვიდობება. დიახ, პედაგოგს, რადგან პედაგოგს არ შეიძლება ყოფილი ეწოდოს. ეს ქ-ნი დოდო ტყეშელაშვილია. ჩვენი დოდო, ჩვენი თბილი და კეთილი მეგობარი, სკოლასა და ბავშვებზე უზომოდ შეყვარებული.
35 წელი იმუშავა ქ-მა დოდომ ღვანკითის საჯარო სკოლაში ქიმიის მასწავლებლად. ამ წლების მანძილზე მრავალმა ქარტეხილმა გადაიარა მის ზურგზე. სრულიად ახალგაზრდას მეუღლე ავტოკატასტროფაში დაეღუპა და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. ამ ტრაგედიით სკოლაც შეძრული იყო, მაგრამ ახალგაზრდა დედისა და მასწავლებლის სანუგეშოდ ყველაფერს აკეთებდა. თვითონაც ვაჟკაცურად დადგა ფეხზე. ცხოვრებას თავი არ დაუხარა. ახალგაზრდა ქვრივმა რკინის ქალამნები ჩაიცვა და მთელი თავისი სიცოცხლე შვილებს და სრულიად სკოლას მიუძღვნა. სამშობლოს სასახელო ქალ-ვაჟი აღუზარდა, რომლებმაც შვილიშვილები აჩუქეს. რძალი და სიძეც შესაფერისი შეხვდა. „მაგდა რძალი კი არა, ჩემი ქალიშვილიაო“-იტყოდა. როგორც იტყვიან, შვილებზე და შვილიშვილებზე ამოსდიოდა მზე და მთვარე. შვილებთან ერთად მოდიოდა სკოლაში და მათთან ერთად მიდიოდა სკოლიდან. ის მათთვის დედაც იყო, მამაც, მეგობარიც და მესაიდუმლეც. ჯერ კიდევ ბავშვებს ეთათბირებოდა, რჩევას ეკითხებოდა და მათს აზრს იზიარებდა. დედა-შვილებს ასე ხელიხელ-ჩაკიდებულებს გაჰქონდათ ცხოვრების ჭაპანი. ძალიან მადლიერი იყო მეუღლის ნათესავების. იტყოდა ხოლმე: „ჩემი მამა (მამას მამამთილს ეძახდა და დიდ პატივს სცემდა მას) და მულები ჩემში თავიანთ შვილს და ძმას ხედავენო“. პარალელურად სკოლაშიც ყველაფერს აკეთებდა, რაც მის მოვალეობაში შედიოდა. „გაკვეთილზე რომ შევალ, მერე ჩემი ავთო (მეუღლე) საერთოდ მავიწყდებაო“, - იტყოდა ხოლმე. საუკეთესო მასწავლებელი იყო ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. საუკეთესო გაკვეთილებს ატარებდა ქიმიაში. მაშინ ჩვენ სკოლაში გვქონდა ქიმიის კაბინეტი ამწოვი კარადითა და მდიდარი ლაბორატორიით. ერთი სიამოვნება იყო მის გაკვეთილებზე სტუმრობა. მისი ყველა გაკვეთილი იყო აქტიური, სიცოცხლით სავსე და არც ერთი მათგანი არ ჰგავდა ერთმანეთს. უსაფრთხოების წესების სრული დაცვით ატარებდა ცდებს ქიმიაში, და თუ ცდის ჩასატარებლად საჭირო ნივთიერება გამოილეოდა, თვითონ დადიოდა თუ ღვინის ქარხნებში, თუ სხვაგან და სხვაგან და საჭირო ნივთიერებას აუცილებლად მოიპოვებდა. რაიონში მას ყველა პატივს სცემდა, როგორც ქიმიის გამორჩეულ მასწავლებელს და ღირსეულ დედას.
აბიტურიენტებისთვისაც იცლიდა. იყო ძალიან შრომისმოყვარე, დაუზარელი, ყველაფერს ასწრებდა. საუკეთესოდ მოვლილი მეურნეობა ჰქონდა. იყო ერთგული და უღალატო მეგობარი, ყველას ჭირისა და ლხინის გამზიარებელი, საუკეთესო კლასის ხელმძღვანელი. რა საქმეც არ უნდა ყოფილიყო სკოლაში, ის ყოველთვის წინა რიგებში იდგა. და რაც მთავარია: იყო უმაღლესი კატეგორიის ქიმიის მასწავლებელი. მას პატივს სცემდნენ, აფასებდნენ და უყვარდათ. აკი თვითონაც მთელი თავისი შეგნებული ცხოვრების მანძილზე სიყვარულს თესავდა.
ამ რამდენიმე წლის წინ ჯანმრთელობა შეერყა და სკოლა დატოვა, თუმცა მერეც არ უცხოვრია სკოლაზე და გაკვეთილებზე ფიქრის გარეშე. დილით რომ ადგებოდა, იტყოდა თურმე: „არიქა, სკოლაში არ დამაგვიანდეს“, „არიქა, გაკვეთილები უნდა გადავიმეორო და სკოლაში წავიდეო“. ასე უზომოდ იყო დოდო მასწავლებელი შეყვარებული სკოლაზე. „ჩემმა სკოლამ გადამატანინა ჩემი ავთოს დაღუპვა, თქვენ მომიშუშეთ ჭრილობებიო“- იტყოდა და თან ცრემლების ნიაღვარს მოაყოლებდა. დღეს კი მისი მშობლიური სკოლა ემშვიდობება, ემშვიდობება და ცათა სასუფეველში დამკვიდრებას უსურვებს.
მშვიდობით ჩვენო ერთგულო მეგობარო! მშვიდად განისვენე შენი საყვარელი მეუღლის გვერდით. მსუბუქი ყოფილიყოს შენს ნაჯაფ სხეულზე დაყრილი მიწა!
იცოდე, ჩვენი წილი სიყვარული და ცრემლები თან მიგყვება“,- ვკითხულობთ სამძიმრის წერილში.
„ეტალონი“ უერთდება სამძიმარს და ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ასეთი პატივსაცემი პიროვნების გარდაცვალების გამო.