ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი აქტივობებითა და ღონისძიებებით დატვირთული 2023-2024 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.
მე-7ა კლასმა სასწავლო წელი მცხეთაში ექსკურსიით დააგვირგვინა. როგორც სკოლაში გვიყვებიან, საქართველოს გულის, „მირონმდინარე“, ქალაქის დათვალიერება საგურამოში სტუმრობით დაიწყეს. მოსწავლეები ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმის შემდეგ, შიო მღვიმის სამონასტრო კომპლექსს ესტუმრნენ. გარდა ამისა, დაათვალიერეს სამთავროსა და სვეტიცხოვლის ცად აზიდული გუმბათოვანი ტაძრები, მოინახულეს ჯვრის მონასტერი და არაჩვეულებრივი ხედებით დატკბნენ.
მოსწავლეებმა დრო ნაყოფიერად გაატარეს და მცხეთიდან შთაბეჭდილებებით დატვირთულნი დაბრუნდნენ.
გასვლითი აქტივობა პედაგოგ ფიქრია გიორხელიძის ჩართულობით გაიმართა, რომელიც ექსკურსიის შესახებ დეტალურ ინფორმაციას გვაწვდის.
„საოცარი დღე გამოვიდა, მადლიანი, კეთილი... მხიარული და ბედნიერი საათები ვუწილადეთ ერთმანეთს... ბავშვებმა ინტერესით დაათვალიერეს ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმი, ყურადღებით უსმენდნენ გიდის მიერ გადმოცემულ საოცარ ისტორიებს დიდი ქართველების შესახებ. სვეტიცხოველში სამშობლოსა და სვეტიცხოველზე შეყვარებულმა გიდმა, ქალბატონმა ციცინომ ბავშვებს ჩვეული არტისტულობით უამბო უდიდესი სიწმინდეების შესახებ. დიდებული დღე იყო...
გართობისთვისაც მოვიცალეთ, გამოვლინდა გოგონების სიმაღლის სიყვარული, ვაჟიკოს სპორტული და გაბრიელის სიმღერისა და ცეკვის ნიჭი... ქეთის დაუშრეტელ ენერგიაზე არაფერს ვამბობ, იას თურმე ასტრონომია იტაცებს, ბიჭები რეპს მღერიან, ქართულ ხალხურსაც, ბუჭა მასწავლებელი გადასარევად წვავს მწვადს... გასაგიჟებელია მშობლების იუმორი, თითქოს ღამე არ გაუთევიათ, თითქოს დაღლილები არ არიან... ვმადლობ უფალს შინ მშვიდობით დაბრუნებისათვის...
დღესაც გონებაში ცნობილი ლექსის ფრაზა მიტრიალებს:
„მცხეთის ქალაქს მირონი დუღს, მზის და ვაზის მირონი,
ბებერ ქვებში ღაღადებენ საქმენი საგმირონი.
იღაღადეთ ფუძის ქვანო, ქვანო საგუმბათონო,
მცხეთას ხომ არ მიბრძანდებით, კონსტანტინე ბატონო!“,- აღნიშნავს მასწავლებელი ფიქრია გიორხელიძე.
იხილეთ ფოტო და ვიდეო: