ლიტერატურის გამოცდაში მაღალი ქულის მისაღებად მნიშვნელოვანია იცოდეთ... - რჩევები აბიტურიენტებს
26-06-2024
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს სთავაზობს ლიტერატურის ჯგუფის მიერ მომზადებულ რჩევებს. როგორ უნდა იმუშაოთ ტექსტზე და რას უნდა მიაქციოთ ყურადღება იმისთვის, რომ მაღალი ქულა აიღოთ.

გეტყვით იმასაც, რომ ლიტერატურის გამოცდას წელს 1 400-ზე მეტი აბიტურიენტი აბარებს.

  • ყურადღებით გაეცანით თითოეული დავალების პირობას და ზედმიწევნით შეასრულეთ მითითებები.
  • გამოცდაზე სასურველი შედეგის მისაღებად აუცილებელია, რომ საფუძვლიანად შეისწავლოთ და ღრმად გაიაზროთ საპროგრამო ნაწარმოებები. 
  • ქართული ლიტერატურის ცოდნის შესამოწმებელი არჩევითპასუხიანი დავალებების შესრულებისას გაითვალისწინეთ, რომ ასარჩევი პასუხებიდან, შესაძლოა, არცერთი არ იყოს ზოგადად მცდარი, მაგრამ მხოლოდ ერთი მათგანი იქნება ამ კონკრეტული შეკითხვის პასუხი.
  • ღია ტიპის დავალებების შესრულებისას ყურადღება მიაქციეთ, რომ თქვენი პასუხები იყოს კონკრეტული და ლაკონიური. ერიდეთ ზედმეტი ინფორმაციის მოხმობას, რადგან, შესაძლოა, რომ ეს შეცდომის მიზეზი გახდეს.
  • შემოთავაზებული მხატვრული ნაწარმოებების (ან ცალკეული ნაწყვეტების) გასაანალიზებლად საჭიროა ღრმად გაიაზროთ თითოეული ტექსტი, რათა შეძლოთ ლიტერატურულ ნაწარმოებთა შორის მსგავსებებისა და განსხვავებების მიგნება და მათი შედარებითი ანალიზი.
2024 წლის საგამოცდო ტესტში მოცემული იქნება შემდეგი ტიპის დავალებები:

1. ქართული ლიტერატურის ცოდნის შესამოწმებელი 20 არჩევითპასუხებიანი დავალება (მაქსიმალური ქულა – 20);
2. ქართული ლიტერატურის ცოდნის შესამოწმებელი 5 ღია ტიპის დავალება (მაქსიმალური ქულა – 20);
3. წერითი დავალება (მაქსიმალური ქულა – 30). 

ტესტის მაქსიმალური ქულაა 70,  საგამოცდო დროის ხანგრძლივობა – 4 საათი.
აბიტურიენტს ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება, თუ დააგროვებს მაქსიმალური ქულის 25%-ზე მეტს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203