ახალქალაქის N2 საჯარო სკოლაში აქტიური, საკუთარი საქმის პროფესიონალი და განვითარებაზე ორიენტირებული მასწავლებლები მუშაობენ.
ისინი, სასწავლო წლის განმავლობაში, მოსწავლებს არაერთ საინტერესო ღონისძიებას სთავაზობენ. აღსანიშნავია, რომ ქართულის როგორც მეორე ენის უფროსი მასწავლებელის - მარია ყავრელიშვილის ხელმძღვანელობით, უკვე მეორე წელია სკოლაში პროექტი - „ტელეფონი და მისი როლი ჩვენს ცხოვრებაში“ ხორციელდება .
პროექტის ფარგლებში, საშუალო და დაწყებითი კლასის მოსწავლეებს შორის საინფორმაციო შეხვედრები იმართება. 2023-2024 სასწავლო წლის ბოლოს, მე-11ბ კლასის მოსწავლემ, კარინა გალოიანმა მე-6 კლასის მოსწავლეებს ინფორმაცია ტელეფონის ისტორიის, მისი დადებითი და უარყოფითი ფუნქციების შესახებ მიაწოდა.
საინფორმაციო შეხვედრები დებატების რეჟიმში გაიმართა. ჩატარდა კვლევა, თუ რამდენ მოსწავლეს აქვს ტელეფონი და რა დანიშნულებით იყენებს მას. როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა ისიც კი გაიაზრეს, რომ ტელეფონზე მიჯაჭვულობა მავნე ჩვევაა და მასზე დამოკიდებულება კარგის მომტანი არაა.
პედაგოგი მარია ყავრელიშვილი კი პროექტის განხორციელებას ახალი, 2024-2025 სასწავლო წლიდან კვლავ აპირებს, რადგან ორწლიანმა კვლევამ აჩვენა, რომ მოსწავლეებში ამგვარმა საინფორმაციო შეხვედრებმა ტელეფონის სწორად გამოყენების თაობაზე ცნობიერება აამაღლა.