26 ივნისი, 23:00 საათი, სუნთქვაშეკრული ქართველი გულშემატკივრები, ევროპულ ასპარეზზე კიდევ ერთხელ აფრიალებული ქართული დროშა და წლების წინ მეოცნებე ქართველი ფეხბურთელები კერპის, კრიშტიანუ რონალდუს წინააღმდეგ... მატჩის მეორე წუთი, პირველი გოლი პორტუგალიის კარში, იმედგაცრუებული მსოფლიო დონის ფეხბურთელი და მოედანზე ყველა სუპერძალით შემკული დებიუტანტი ქართველები... „ზღაპრის ბოლო კეთილია!“ - ამ სიტყვების ჯერ ირწმუნა, გუშინ კი, დაიჯერა მთელმა ერმა! სამი თვის წინ, 26 მარტს, ოქროს ასოებით დაწერილი ისტორია გრძელდება - ევროპის ჩემპიონატზე ისევ გაჟღერდება საქართველოს ჰიმნი, ტრიბუნები ქართული შეძახილებით აზანზარდება და როგორც, მარცხით დათრგუნულმა რონალდუმ გვიწოდა „შესაძლო ჩემპიონები“ ამ დიდი მიზნისთვის ბრძოლას გავაგრძელებთ!
ქართულმა ფეხბურთმა მთელი ერი ეკრანებს მიგვაჯაჭვა, ისევე, როგორც ყველგან დღეს სკოლებშიც დიდი ჟრიამულია - როგორ ზეიმობენ დირექტორები მიღწეულ წარმატებას, მათ შორის თბილისის N115, გიორგი მამარდაშვილის მშობლიურ სკოლა?
თბილისის N115 საჯარო სკოლის სკოლის დირექტორის თამარ ხუბაშვილისთვის მიზნად იქცა, რომ ქვეყანას მასზე უკეთესი ახალგაზრდები აღუზარდოს, თუმცა უჭირს წარმოდგენა უკეთესი ვინღა შეიძლება იყოს: „უსაზღვრო ემოცია იყო, მთელი სკოლა ვზეიმობთ! გიორგი მამარდაშვილის დაწყებითი კლასის მასწავლებელი შემოვიდა ჩემთან, ემოციებს ვერ მალავდა, ამაყობს, რომ ასეთი წარმატებული ახალგაზრდის, საქართველოს კარის მცველის, მამარდას მასწავლებელი ჰქვია... ფრაზა წავიკითხე, როცა მეკარეს ეუბნებიან: როდესაც კარში დგახარ, დარიალის კარს იცავო - ზუსტად ასე იცავს ჩვენს კარს მამარდაშვილი! უკეთესი ახალგაზრდები აღგვეზარდოს, თუმცა მამარდაზე უკეთესი, როგორ უნდა იყვნენ არ ვიცი. ვულოცავ მთელს ერს ამ დიდ გამარჯვებას და ნაკრებს მორიგ წარმატებას ვუსურვებ“.
ემოციებს ვერც ბაღდათის N1 საჯარო სკოლის ხელმძღვანელი, მერაბ ფურცელაძე მალავს, 1983 წლის თამაშის მომსწრე, დღეს მეორედ ზეიმობს ქართველი ფეხბურთელების უდიდეს მიღწევას: „ასეთი ემოციები 1981 წლის, თასის აღების შემდეგ არ მქონია, მე მომსწრე ვარ იმ თამაშის, იმ დიდი ზეიმის და ახლა ორმაგად გახარებული ვარ, რადგან ჩვენი ბიჭები ევროპის ასპარეზზე, საქართველოს სახელით თამაშობენ. ეს ყველასთვის იმდენად ემოციური იყო, ვერ აღვწერ სიტყვებით;
ერთადერთი, რამაც მე და ჩემს პედკოლექტივს გული დაგვწყვიტა ბუდუ ზივზივაძის არ თამაში იყო, მთელი გულით ველოდით მას... მე როგორც სკოლის ხელმძღვანელი, ვიმედოვნებ, რომ ოდესღაც ჩვენი კურსდამთავრებულებითაც ისევე ვიამაყებთ, როგორც ამ ბიჭებით... მთელი ერი და მშობლიური სკოლები ამაყობთ... მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ქვეყანას ღირსეული ახალგაზრდები აღვუზარდოთ, სიამაყით გეტყვით იმასაც, რომ სკოლაში საქართველოს 3 ჩემპიონი მყავს, სპორტულ ტურნირებზე სკოლის ეგიდით პირველ ადგილს არ ვთმობთ და უკვე ტრადიციად გვექცა გამარჯვებები“.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის, წასრის საჯარო სკოლის დირექტორი ელისო დოღაძე კი თავის მოსწავლეებს ურჩევს, მიბაძონ ნაკრების ბიჭებს და მიზნებისთვის ისე იბრძოლონ, როგორც ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები იბრძვის: „სკოლაში დიდი ზეიმი გვაქვს, ყველა ძალიან გახარებულები ვართ, ამ ემოციების სიტყვებით გადმოცემა რთულია! ვულოცავ ნაკრებს, ვულოცავ მთელ ერს და ბიჭებს წინ სვლას ვუსურვებ!
ჩემს მოსწავლეებს კი ვეტყოდი, რომ მიბაძონ მათ, ჰქონდეთ ისეთივე შემართება ნებისმიერ საქმეში, რასაც მომავალში გააკეთებენ და ისევე ირწმუნონ ოცნებების, როგორც გუშინ ჩვენმა ბიჭებმა, მათ მთელ ერს დაგვაჯერეს, რომ შეუძლებელი არაფერია!
ჩემი შვილისთვის მამარდაშვილი კერპად იქცა, მასავით მეკარეობაზე ოცნებობს, კარში დგას და ცდილობს მიბაძოს“.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, კართუბნის საჯარო სკოლის დირექტორი ლია ხაჩიძე, თავის მოსწავლეებს მოუწოდებს, რომ ისევე ირწმუნონ თავიანთი შესაძლებლობების, როგორც საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ბიჭებმა და საქართველო დანარჩენს მსოფლიოს გააცნეს: „დიდი სიხარულია ეს მთელი ქვეყნისთვის, ჩვენს საამაყო საფეხბურთო ნაკრებს წინსვლას და წარმატებას ვუსურვებ. ეს ბიჭები ნამდვილად გახდნენ მაგალითი იმისა, რომ მიზანდასახულობით და საბრძოლო შემართებით შეუძლებელიც კი, შესაძლებელია, სწორედ ამას ვეტყოდი ჩვენს მოსწავლეებსაც - არასდროს შეწყვიტონ სწრაფვა მიზნებისკენ!“
სოსო წულაია, მარტვილის მუნიციპალიტეტის , ზედა ხუნწის საჯარო სკოლის დირექტორი კი, აღფრთოვანებულია ამ შედეგით, სჯერა, რომ წინ კიდევ მრავალი წარმატება გველის: „ძალიან დიდი სიხარულია ეს ყველასთვის, აღფრთოვანებული ვართ ამ შედეგით, ბიჭებს წინსვლას ვუსურვებთ! ისინი ჩვენი მოსწავლეებისთვის სამაგალითოები გახდნენ. მიხარია, რომ ასეთი თაობა გვყავს, მიხარია, რომ ჩვენი დროშა ევროპაში ფრიალებს და მიხარია, რომ საქართველოს ჰიმნი გერმანიაში ჟღერს“