13 წლის გოგოს ინტიმური სურათები Tiktok-ზე გაუვრცელეს - დაკავებულია 28 წლის მამაკაცი
28-06-2024

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 13 წლის ბავშვის პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და სოციალური ქსელით გავრცელების ფაქტზე, ერთი პირი დააკავა. 

როგორც სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში აღნიშნავენ, დაზარალებულსა და ბრალდებულს კომუნიკაცია სოციალური ქსელის, Facebook-ის, საშუალებით ჰქონდათ, მანამდე კი ერთმანეთი 2024 წლის 13 მარტს, Tiktok-ზე გაიცნეს. 

ისინი ერთმანეთთან „Facebook/Messenger“-ის ვიდეოზარების საშუალებით ყოველდღიურად საუბრობდნენ, რა დროსაც ბრალდებული, მუქარით, არასრულწლოვანს გაშიშვლებას სთხოვდა. ვიდეოზარით კომუნიკაციისას არასრულწლოვანმა შენიშნა, რომ ბრალდებული ე.წ. „სქრინებს“ იღებდა. მან ბრალდებულს ინტიმური შინაარსის ფოტოების წაშლა მოსთხოვა.

აპრილის თვეში დაზარალებულმა კომუნიკაცია შეწყვიტა ბრალდებულთან და სოციალურ ქსელში დაბლოკა, ასევე არ პასუხობდა მის ზარებს და მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს. აღნიშნულიდან მალევე, სოციალურ ქსელ „Tiktok”-ზე გავრცელდა არასრულწლოვანის ფოტოები, სადაც ის შიშველ მდგომარეობაში ჩანდა. გოგოს ინტიმური ხასიათის ფოტოები გადაუგზავნეს მის მეგობარსაც. ასევე, 13 წლის დაზარალებულს სოციალურ ქსელში უკავშირდებოდნენ მისთვის უცნობი ადამიანები, რომლებიც მისი ინტიმური ფოტოების დედასთან გადაგზავნით ემუქრებოდნენ.

„დაზარალებული არასრულწლოვანის მომართვის შემდეგ, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება მყისიერად წარმართა. ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგენილი იქნა ბრალდებულის ვინაობა და მისი ადგილსამყოფელი. ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად მის მობილურ ტელეფონში, ნანახი იქნა 13 წლის გოგოს ინტიმური ხასიათის ვიდეოჩანაწერი და ფოტოები, რომლებიც კანონით დადგენილი წესით განადგურდება.

ბრალდებულის მობილურ ტელეფონში, ასევე, აღმოჩენილი იქნა სხვა არასრულწლოვანი გოგოების ინტიმური შინაარსის ფოტოებიც, რასთან დაკავშირებითაც სპეციალური საგამოძიებო სამსახური ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედების ჩატარებას უზრუნველყოფს.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, არასრულწლოვან დაზარალებულს და მის წარმომადგენელს, დანაშაულით მიყენებული ფსიქოლოგიური ტრამვისგან აღდგენის მიზნით ფსიქორეაბილიტაციის კურსის გავლა შესთავაზა“,- ნათქვამია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში. 

ბრალდებული დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური აღნიშნულ ფაქტზე გამოძიებას აგრძელებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203