„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ სკოლების წარმომადგენლებს“... - კალაძე
29-07-2024

საპილოტე პროექტის ვადა, რომლითაც სასკოლო ავტობუსებს - M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, საავტობუსო ზოლში მოძრაობის უფლება მიეცემათ, 2025 წლის პირველ ივლისამდე გახანგრძლივდა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, საპილოტე პროექტში მხოლოდ სამი სკოლა ჩაერთო, რაც მიღებული შედეგების გასაანალიზებლად არასაკმარისი აღმოჩნდა.

„მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა წესი, რომლითაც სკოლის ავტობუსებს - M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, გარკვეული პირობებით, მიეცათ საავტობუსო ზოლში გადაადგილების შესაძლებლობა. აღნიშნული რეგულაცია სატესტო რეჟიმში, 2024 წლის პირველი იანვრიდან პირველ ივლისამდე მოქმედებდა. ბოლო შვიდი თვის განმავლობაში, აღნიშნული შესაძლებლობით მხოლოდ თბილისის სამმა სკოლამ ისარგებლა, რაც საკმარისი არაა იმისთვის, რომ საბოლოო დასკვნები გავაკეთოთ, თუ რა გავლენას იქონიებს პროექტის ამოქმედება საზოგადოებრივ ტრანსპორტზე. ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული ვადა კიდევ ერთი წლით, 2025 წლის პირველ ივლისამდე გავახანგრძლივოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა დედაქალაქის სკოლების წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, აღნიშნულ პროგრამაში ჩაერთონ და მათ პროგრამის პირობები შეახსენა.

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ სკოლების წარმომადგენლებს, ჩაერთონ აღნიშნულ პროგრამაში. შეგახსენებთ, სასკოლო ავტობუსი იმოძრავებს მხოლოდ წინასწარ შეთანხმებულ მარშრუტზე, მხოლოდ სამუშაო დღეებში - 06:00-დან 09:00 საათამდე და 14:00-დან 18:00 საათამდე პერიოდში. საავტობუსო ზოლში მათ შეეძლებათ მხოლოდ ავტობუსის გაჩერებებზე შეჩერება არაუმეტეს ერთი წუთისა, ისევე, როგორც ეს განსაზღვრულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემთხვევაში. შაბათ-კვირას, ოფიციალურ უქმე დღეებში და სამუშაო დღეების სხვა დროის მონაკვეთებში, ავტობუსის ზოლში მოძრაობის, ასევე დამტკიცებული მარშრუტის დარღვევით მოძრაობის შემთხვევაში, სასკოლო ტრანსპორტი დაჯარიმდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203