„კეთილდღეობა სკოლაში“ - ზემო ფოცხოს საჯარო სკოლის პედაგოგ რიმა კუპრეიშვილის თანაავტორობით საერთაშორისო პროექტი განხორციელდა 
01-07-2024

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ფოცხოს საჯარო სკოლაში საკუთარი საქმის პროფესიონალი პედაგოგები მუშაობენ, რომლებიც მოსწავლეებს, სასწავლო წლის განმავლობაში, სხვადასხვა საინტერესო აქტივობაში რთავენ. 

აღსანიშნავია, რომ წარმატებით დასრულდა კიდევ ერთი საერთაშორისო პროექტი - „კეთილდღეობა სკოლაში“, რომლის ავტორები ზემო ფოცხოს საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი - რიმა კუპრეიშვილი და მისი თურქი კოლეგა - გულიზარ სერტ დულეკი არიან. პროექტში საქართველოდან - 22,  თურქეთიდან - 10, რუმინეთიდან - 3, მოლდოვადან - 1, უნგრეთიდან - 1 და პოლონეთიდან - 1 მასწავლებელი მონაწილეობდა. 

მასში აქტიურად ჩაერთნენ ზემო ფოცხოს საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეები: ემა ხარებავა, გიორგი ჯოჯუა, მარიამ როგავა, ნინო მამულია, ქეთი ჭაავა, ნინი ბერიძე. 

პროექტის მიზანი იყო სკოლაში მოსწავლეთა კეთილდღეობაზე ზრუნვა, სასკოლო გარემოს გაუმჯობესება, გარემოსდაცვითი კომპონენტების სიცოცხლის შენარჩუნების შესახებ ცნობიერების ამაღლება, მოსწავლეთა როლის გაზრდა დემოკრატიული სკოლის პოპულარიზაციაში, 21-ე საუკუნის უნარების განვითარება (თანამშრომლობა, ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება, კომუნიკაცია, პრობლემის გადაჭრა, ციფრული უნარები).

პროექტის ფარგლებში განხორციელდა, საინფორმაციო შეხვედრები, ჯგუფური და ინდივიდუალური მუშაობა, სწავლა კეთებით, გამოკითხვა, ონლაინ თამაშები, ინტერაქტიული თამაშები. გარდა ამისა, მოსწავლეებმა ციფრული ხელსაწყოების გამოყენებით, რესურსები შექმნეს. როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა სანიმუშოდ იმუშავეს და სხვა პროექტებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს. 

პროექტის შესახებ დამატებით ინფორმაციას თავად სკოლაში გვიზიარებენ,

„განვახორციელეთ შემდეგი აქტივობები:

შევქმენით ავატარი;

პროექტის ლოგოსა და პლაკატებზე ვიმუშავეთ წყვილებში;

ამოვხსენით თავსატეხი, რაც მეტად სახალისო იყო.

საინტერესო იყო აქტივობა - იყავი კეთილი - გააკეთე სიკეთე, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები ესტუმრნენ სიკეთის სახლს და ერთი ლამაზი დღე აჩუქეს ბებიებს და ბაბუებს;

ასევე - ვიზიტი ექიმთან - ჩვენი სკოლის საყვარელ და ყურადღებიან ექთანს ქ-ნ აზას შევხვდით და ვესაუბრეთ ჯანსაღი ცხოვრების მნიშვნელობაზე. მადლობა არაჩვეულებრივი რჩევებისთვის და პრაქტიკული მაგალითებისთვის;

მოეწყო სპორტული დღე სკოლაში და სპორტი ჩვენს ცხოვრებაში - ამ აქტივობებმა გააცოცხლა და აღაფრთოვანა მოსწავლეები;

აღვნიშნეთ უსაფრთხო ინტერნეტის დღე, პროექტის მონაწილეებმა ერთმანეთს ელექტრონული ბარათებით მიულოცეს ახალი წელი და 9 მაისი, „ეტვინინგის“ დაბადების დღე - ეს პლატფორმა გვაერთიანებს;

გავეცანით ადამიანის და ბავშვთა უფლებებს;

გვქონდა ონლაინ შეხვედრები, სადაც პროექტის მონაწილეები გავიცანით, ვისაუბრეთ პროექტის გამორჩეულ აქტივობებზე. და ბოლოს, მივიღეთ სერტიფიკატები.

დიდი მადლობა პროექტისთვის. მადლობა თითოეულ მონაწილე მასწავლებელს, მშობელსა და მოსწავლეს აქტიური თანამშრომლობისთვის. წარმატებები მინდა ვუსურვო ყველას და ჩვენს პროექტს“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203