წინასაგამოცდო რჩევები და აქტუალურ კითხვებზე პასუხები - ატესტატი გამოცდაზე უნდა მიიტანოთ თუ არა, და როდის უნდა მოითხოვოთ დამატებითი ტესტირება
01-07-2024
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისთვის წინასაგამოცდოდ ბოლო რჩევებს აქვეყნებს. გთავაზობთ, აპლიკანტებისთვის აქტუალურ კითხვებზე პასუხებს:



რა უნდა ვიქონიოთ თან გამოცდებზე? 
პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად საგამოცდო ბარათის წარდგენა გამოცდებზე დაშვების აუცილებელი პირობაა.  მნიშვნელოვანია ყურადღებით გაეცნოთ საგამოცდო ბარათზე მითითებულ ინფორმაციას და გაითვალისწინოთ, რომ რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გამოცდაზე გამოსაცდელი აღარ დაიშვება.
სურვილის შემთხვევაში გამოსაცდელს ასევე შეუძლია თან იქონიოს: წყალი პლასტმასის ბოთლით; საწერი კალამი შესაბამისი პარამეტრებით (გელიანი (ე. წ. ტუშის), შავი ფერის, 0,5-0,7 მმ. ბურთულიანი წვერით). გამოცდაზე არ შეიძლება მობილური ტელეფონისა და ნებისმიერი ელექტრონული ხელსაწყოს, მათ შორის, გამორთულ მდგომარეობაში შეტანა. დამატებითი ნივთების დატოვება შესაძლებელი იქნება ნივთების შესანახ სივრცეში.

როგორ ხდება საგამოცდო ბარათის ამობეჭდვა და გამოსაცდელებისათვის რამდენად მნიშვნელოვანი დოკუმენტია?
შეგახსენებთ, რომ გამოსაცდელებისათვის საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა უკვე დაწყებულია. საგამოცდო ბარათზე მოცემულია: საგამოცდო ცენტრის მისამართი, თითოეული გამოცდის თარიღი, გამოცდაზე რეგისტრაციის დაწყების დრო და სხვა მნიშვნელოვანი რეკომენდაციები, შესაბამისად, აუცილებელია მისი კარგად გაცნობა და პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად მისი საგამოცდო ცენტრში წარდგენა. 
საგამოცდო ბარათის ამობეჭდვის დეტალური ინსტრუქცია: 
გამოსაცდელი ვებგვერდზე online.naec.ge გამოყოფილ სპეციალურ ველებში უთითებს პირად თერთმეტნიშნა ნომერს, ცენტრის მიერ გაგზავნილ ხუთნიშნა კოდს და  შედის საკუთარ  გვერდზე, რომელზეც გაიარა რეგისტრაცია. გამოსაცდელი მიჰყვება ბმულს - „დაბეჭდეთ თქვენი საგამოცდო ბარათი“. ბარათი შეგიძლიათ დაიმახსოვროთ და ამობეჭდოთ ნებისმიერ დროს მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში.


ვარ აბიტურიენტი. რა შემთხვევაში შემიძლია მოვითხოვო დამატებითი ტესტირების ჩატარება? 
ტესტირებაზე გამოუცხადებელ აბიტურიენტს უფლება აქვს მოითხოვოს დამატებითი  ტესტირების ჩატარება, თუ მან საგამოცდო ბარათში მითითებულ დროს ვერ შეძლო გამოცდაზე გამოცხადება:
ა) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გამოცდის დროს სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში არანაკლებ ერთი დღე-ღამით ყოფნის გამო;
ბ) ოჯახის წევრის (მეუღლე, დედა, მამა, და-ძმა, შვილი) გარდაცვალების გამო;
გ) დაუძლეველი ძალის გამო.
აბიტურიენტმა სტაციონარულ დაწესებულებაში ყოფნის ან ოჯახის წევრის გარდაცვალების და ნათესაობის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარმოადგინოს ცენტრში შესაბამისი საგამოცდო სესიის დასრულებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.
თუ აბიტურიენტმა დაუძლეველი ძალის გამო ვერ შეძლო საგამოცდო ბარათში მითითებულ დროს გამოცდაზე გამოცხადება, იგი ვალდებულია შესაბამისი საგამოცდო სესიის დასრულებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში ცენტრში წარმოადგინოს დასაბუთებული განცხადება და, არსებობის შემთხვევაში, განცხადებაში აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
გაითვალისწინეთ, რომ ეს პირობები ვრცელდება მხოლოდ აბიტურიენტებზე და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეებზე. 

რა წესები უნდა დავიცვათ ტესტირების პროცესში და რა შემთხვევაში შეიძლება მოვიხსნა გამოცდიდან?
გახსოვდეთ, არ შეიძლება: 
პასუხების ფურცლის გაკეცვა, შტრიხკოდის გაფერადება, დაზიანება და ა. შ.; 
• გამოცდის მიმდინარეობისას აბიტურიენტების ერთმანეთთან გადალაპარაკება;
 • დახმარების მცდელობა ან სხვა პირისაგან დახმარების მიღება; 
• დახმარების აღმოჩენის/მიღების ან საუბრის შემთხვევაში აბიტურიენტი მიიღებს გაფრთხილებას (გაითვალისწინეთ, რომ განმეორებითი გაფრთხილების შემთხვევაში აბიტურიენტი იხსნება გამოცდიდან).
აბიტურიენტი გაფრთხილების გარეშე იხსნება გამოცდიდან:
ლექსიკონის, დამხმარე მასალის, ე. წ. „შპარგალკის“, მობილური ტელეფონის, ე. წ. ტაბლეტის, საათის, კალკულატორის ან სხვა ელექტრონული ხელსაწყოს აღმოჩენისას (თუნდაც ელექტრონული ხელსაწყო გამორთული იყოს);
წესრიგის დარღვევის ან საგამოცდო პროცესში მონაწილე პირის შეურცხყოფის ან სხვა მსგავს შემთხვევაში;
ალკოჰოლის, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის შემთხვევაში.
ჩამოთვლილის გარდა, ნებისმიერი სხვა წესის დარღვევისას აბიტურიენტი იღებს გაფრთხილებას. მეორე გაფრთხილების მიღების შემთხვევაში დამკვირვებელი ვალდებულია გამოცდიდან მოხსნას აბიტურიენტი.

თუ გამოცდაზე ადგილი ექნება პროცედურულ დარღვევას, შევძლებ მის გასაჩივრებას? და რა ფორმით?
ასეთ შემთხვევაში აბიტურიენტმა გამოცდის დღის 21:00 საათამდე განცხადებით უნდა მიმართოს (ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე განაცხადი) იმ საგამოცდო ცენტრის ადმინისტრაციას, რომელშიც ჩააბარა გამოცდა. განცხადება საპრეტენზიო კომისიას გადაეცემა არაუგვიანეს მომდევნო დღისა და განიხილება მიღებიდან ხუთი დღის ვადაში. პასუხს განმცხადებელი გადაწყვეტილების მიღებიდან ორი დღის ვადაში შეიტყობს.

რა შემთხვევაში არ გასწორდება ჩემი ნაშრომი?
ნაშრომი არ სწორდება, თუ:
პასუხების ფურცელი ან შტრიხკოდი დაზიანებულია; აბიტურიენტი საგამოცდო დროის ამოწურვისთანავე არ შეწყვეტს მუშაობას და არ ჩააბარებს პასუხების ფურცელს; პასუხების ფურცელს დააწერს სახელს, გვარს ან პიროვნების იდენტიფიცირების შესაძლებლობის შემცველ რაიმე სხვა ინფორმაციას, ან რაიმე სახის ისეთ გრაფიკულ გამოსახულებას, რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან.

ატესტატის წარდგენა გამოცდებისათვის მჭირდება?
ცენტრის მხრიდან აბიტურიენტის მიერ სრული ზოგადი განათლების მიღების შესახებ ინფორმაციის მოუძიებლობის შემთხვევაში, აბიტურიენტის საგამოცდო ბარათზე დატანილი იქნება მოთხოვნა ატესტატის ცენტრში წარმოდგენის თაობაზე. აბიტურიენტს ატესტატის ცენტრში წარმოდგენის ვალდებულება აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მის საგამოცდო ბარათზე მითითებულია ამის შესახებ.

როგორია საგამოცდო პროცედურები?
აბიტურიენტი ცხადდება საგამოცდო ბარათზე მოცემულ საგამოცდო ცენტრში მითითებულ დროს.  რეგისტრაციის გავლამდე აბარებს ზედმეტ ნივთებს, რეგისტრაციის გავლის შემდეგ კი იკავებს მისთვის განკუთვნილ ადგილს შესაბამის სექტორში.  
მაგიდაზე, რომელზეც განთავსებულია კომპიუტერი, მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის, გელიანი (ე. წ. ტუშის) შავი ფერის კალმის, პასუხების ფურცლისა და შავი სამუშაოსათვის განკუთვნილი ფურცლის ან გამოცდით გათვალისწინებული დამხმარე მასალის (მაგ.: რუკა, მენდელეევის ტაბულა) დადება შეგიძლიათ - არც ერთი სხვა ნივთი არ უნდა იდოს სამუშაო მაგიდაზე (წყალი პლასტმასის ბოთლით შეგიძლიათ დადოთ იატაკზე). 
პასუხების ფურცლების დარიგებისას დაკვირვებით უნდა შეამოწმოთ პასუხების ფურცელი დამკვირვებელთან ერთად, რათა დარწმუნდეთ, რომ დაუზიანებელია - ეს სექტორის უწყისში ხელმოწერით უნდა დაადასტუროთ. 
ხარვეზიან პასუხების ფურცელს ახლით შეგიცვლიან.
პასუხების ფურცელზე დაკრული შტრიხკოდისათვის ნომერი თავად უნდა ჩაწეროთ უწყისის შესაბამის გრაფაში;
ტესტზე მუშაობა იწყება სისტემაში სპეციალური კოდის შეყვანის შემდეგ;
საჭიროების შემთხვევაში მიმართეთ დამკვირვებელს;
გამოცდის დასრულებამდე 10 წუთით ადრე დამკვირვებელი შეგახსენებთ დროს, რათა დროულად დაასრულოთ ტესტზე მუშაობა. 

გაითვალისწინეთ, რომ სწორდება მხოლოდ პასუხების ფურცელი. ყველა საგამოცდო ცენტრში, რეგისტრაციის სივრცესა და სექტორში დამონტაჟებული იქნება ვიდეოკამერა, ჩაიწერება მთელი საგამოცდო პროცესი და შეიქმნება ვიდეოარქივი.  საგამოცდო დროის ამოწურვის ან აბიტურიენტის მიერ სამუშაოს ადრე დასრულების შემთხვევაში, დამკვირვებელი ამოწმებს აბიტურიენტის პასუხების ფურცლისა და შტრიხკოდის დაუზიანებლობას, რასაც აბიტურიენტი ადასტურებს უწყისში ხელმოწერით და ამის შემდეგ დამკვირვებელს აბარებს ნამუშევარს. საგამოცდო პროცესი ამით სრულდება. პასუხების ფურცლები ილუქება და იგზავნება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203